მადრიდის „რეალმა“ ფრანგული „რენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნიჭიერი ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა დაიმატა. ინფორმაცია „სამეფო კლუბის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
18 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო არაოფიციალური ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 31 მილიონი ევრო შეადგინა.
კამავინგა „რენის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2018 წლიდან თამაშობდა, ამ პერიოდში მან 87 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში კი ნიჭიერი ფეხბურთელის ანგარიშზე 3 მატჩი და 1 გოლია.