დიდი სლემის ორი ტიტულის მფლობელმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო. 29 წლის ჰალეპმა, ვინც ტურნირზე მე-12 ნომრად არის განთესილი, 6-4, 7-6 (7/3) დაამარცხა იტალიელი კამილა ჯორჯი.
ჰალეპს, ვისაც 2018 წელს საფრანგეთის ღია პირველობა, 2019 წელს კი უიმბლდონი აქვს მოგებული, იტალიის წლევანდელ ღია პირველობაზე, წვივის კუნთი დაუზიანდა და ამის გამო, ვერც როლან გაროსზე ითამაშა, ვერც უიმბლდონზე და ტოკიოს ოლიმპიადაზე. ცინცინატის ტურნირზე გამოსვლისას, მარჯვენა ბარძაყის ტრავმაც მიიღო, მაგრამ დროულად მოიშუშა და ფლეშინგ მედოუსზე გამოსვლა მოახერხა.
ჯორჯისთან შეხვედრაში, ჰალეპმა ექვსი ეისი მოაწოდა და პირველ მოწოდებაზე, გათამაშებათა 83 პროცენტი მოიგო. ორი სეტის განმავლობაში, 14 ქულა თამაშიდან მოიპოვა, მაგრამ 16 უნებლიე შეცდომაც დაუშვა. თუმცა მეტოქეს 31 შეცდომა მოუვიდა და ამან შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა.
პირველ შეხვედრას დღესვე, ღამის სესიის დროს ჩაატარებს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი ნაომი ოსაკა. არტურ ეშის სახელობის სტადიონზე, ის რეიტინგში 87-ე ადგილზე მყოფ ჩეხ მარი ბუზკოვას შეხვდება. ეს ორი ჩოგბურთელი მხოლოდ ერთხელ შეხვედრია ერთმანეთს (წელს, ავსტრალიის ღიაზე) და მაშინ გამარჯვება ოსაკამ მოიპოვა.
ოსაკას შანსი აქვს, სერენა უილიამსის შემდეგ გახდეს პირველი ქალი ჩოგბურთელი, ვინც აშშ-ის ღიას ზედიზედ ორჯერ მოიგებს. სერენამ ნიუ იორკული სასლემო ტურნირი 2014 წელს ზედიზედ მესამედ მოიგო.