ფეხბურთი

1:38 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" და ჟირუ ბრწყინავენ, ჟოზეს ლამაზი "რომა" ჰყავს

იტალიის სერია A-ში ორი ტური მიილია და ფავორიტების უმეტესობა ძალიან კარგ ფორმაშია. მაგალითად, „მილანი“, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე თამაშობს, მაგრამ შვედის დანაკლისი საერთოდ არ ეტყობა.

„როსონერის“ ორ ტურში უკვე 6 ქულა აქვს და „კალიარის“ 4:1 აჯობა. ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. „მილანი“ სწრაფად დაწინაურდა სანდრო ტონალის ლამაზი ჯარიმით და სარდინიელებმა იქვე გაქვითეს ეს გოლი, მაგრამ მერე „მილანის“ გამჩერებელი არავინ იყო. დუბლი შეასრულა ოლივიე ჟირუმ, რომელიც „როსონერის“ იდეალურად მოერგო, ერთი გოლიც რაფაელ ლეაომ გაიტანა და პირველივე ტაიმში - 4:1. მეორე ნახევარში სტეფანო პიოლის გუნდმა ენერგია დაზოგა და 3 ქულა ძალიან მშვიდად მოიპოვა.

გადასარევად თამაშობს ჟოზე მოურინიოს „რომა“ და „განსაკუთრებულს“ ლამაზი გუნდი ჰყავს. „ჯალოროსის“ ორ ტურში 7 გოლი აქვს გატანილი და 4 „სალერნიტანას“ სალერნოში გაუტანა. თანაც, ერთმანეთზე ლამაზი გოლები - დუბლით ლორენცო პელეგრინი გამოირჩა, თითოჯერ ჯორდან ვერეტუმ და ტამი აბრაჰამმა გაიტანეს. ინგლისელმა ჩინებულად დაიწყო სეზონი და საგოლე პასების შემდეგ სადებიუტო გოლიც გაიტანა. „რომას“ 6 ქულა აქვს და ერთ-ერთი ლიდერია.

მოიგო „ნაპოლიმაც“. ლუჩანო სპალეტის გუნდი გენუაში „ჯენოას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე 6 წუთით ადრე ანდრეა პეტანიამ გაიტანა, რომელიც პრაქტიკულად ტრანსფერზეა დაყენებული, მაგრამ ამ გოლმა შეიძლება იტალიელი ფორვარდის მომავალი შეცვალოს.

ორი ტურის შემდეგ ფავორიტებმა ძალიან მძლავრად დაიწყეს: „მილანს“, „ინტერს“, „ლაციოს“, „რომას“ და „ნაპოლის“ 6-6 ქულა აქვთ, ხოლო ეს ნამდვილად არ ეხება ტურინის „იუვენტუსს“, რომელიც ერთადერთი ქულით მე-12 ადგილზეა.

„ჯენოა“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფაბიან რუისი (39), 1:1 კამბიასო (69), 1:2 პეტანია (84)

„სასუოლო“ – „სამპდორია“ 0:0 (0:0)

„მილანი“ – „კალიარი“ 4:1 (4:1)

გოლები: 1:0 ტონალი (12), 1:1 დეიოლა (15), 2:1 ლეაო (17), 3:1 ჟირუ (24), 4:1 ჟირუ (43, პენ)

„სალერნიტანა“ – „რომა“ 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 პელეგრინი (48), 0:2 ვერეტუ (52), 0:3 აბრაჰამი (69), 0:4 პელეგრინი (79)

0.180149