სხვა

2:55 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას მე-14 ეტაპი ფრანგმა რომენ ბარდემ მოიგო

ფრანგ რომენ ბარდეს ოთხი წელი ველომარათონებზე ეტაპი არ მოეგო. და აი, დღეს ეს მოლოდინი შეწყვიტა - ვუელტას მე-14, სამთო ეტაპზე გაიმარჯვა. ბარდე ერთ დროს ტურ დე ფრანსის ერთ-ერთი მთავარი ფრანგი პრეტენდენტი იყო. 2016 წელს მეორე ადგილი დაიკავა, მომდევნო წელს კი მესამე იყო.

2017 წელს მანვე ტურ დე ფრანსზე სამი ეტაპის მოგება შეძლო. მაგრამ მას შემდეგ დაიკარგა. ველომარათონებზე ერთი ეტაპიც აღარ მოუგია. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეეძლო, მაგრამ ესპანელ ალეხანდრო ვალვერდესთან წააგო და ზევერცხლს დასჯერდა.

„ამას დიდხანს ველოდი. ყველაფერი ვიღონეთ ამ ეტაპზე გამარჯვებისთვის და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მოგებაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ ვცდილობდი, რაც შემეძლო, ყველაფერი გამეღო“, - „ტიმ DSM-ის“ 30 წლის ლიდერმა.

ბარდემ რამდენიმე მეტოქესთან ერთად, ადრევე შეძლო დაწინაურება, შემდეგ კი ბოლო, პირველი კატეგორიის აღმართზე (პიკო ვილუერკასი) ყველაზე მაღალი ტემპი განავითარა და ფინიშთან პირველი მივიდა.

ნორვეგიელმა ოდ კრისტიან ეიკინგმა (ინტერმარკე) ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლიდერის წითელი მაისური ზედიზედ მეხუთე ეტაპისთვისაც შეენარჩუნებინა. და მან ეს შეძლო. ბოლო აღმართზე, ფავორიტების ჯგუფს არ მოშორებია და ფინიშთანაც მათთან ერთად მივიდა. თუმცა პრიმოჟ როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) მასთან ჩამორჩენა მაინც რამდენიმე წამით შეამცირა.

სხვათა შორის, ეტაპის დაწყებამდე ეიკინგმა განაცხადა, რომ თუ როგლიჩი აღმართზე შეტევას გადაწყვეტდა, მას წითელი მაისურის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. ბოლო აღმართზე რამდენიმე გუნდმა (ჯუმბო-ვისმამ, მოვისტარმა და კოფიდისმა) ტემპი გაზარდეს, თუმცა ეიკინგმა გაყოლა შეძლო.

ნორვეგიელს უფრო გაუჭირდება კვირის ეტაპზე, რომელზეც ოთხი აღმართია (მათ შორის, ორი პირველი კატეგორიის) გასავლელი.

0.116357