ფეხბურთი

1:25 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს გარეშე დარჩენილმა "იუვენტუსმა" ტურინში "ემპოლისთან" წააგო

„იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა და ალბათ, პორტუგალიელი არც შემცდარა. ტურინულ გრანდში ძალიან სერიოზული პრობლემებია და ცხადად მოსჩანს, რომ ამ გუნდის უახლოესი პერსპექტივები ძალიან მუქ ფერებშია.

საქმეს ვერც მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება შველის, რადგან „იუვენტუსში“ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები, ვიდრე მწვრთნელია. ერთ-ერთი კი ძალიან ბევრი „იუვეს“ დონისთვის შეუსაბამო ფეხბურთელებია, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში.

„იუვენტუსმა“ „ემპოლის“ უმასპინძლა და წააგო - 0:1. თან ისე წააგო, რომ ვერც ვერაფერზე ექნება პრეტენზია - იმსახურებდა! „ბებერმა ქალბატონმა“ პირველ ტურში „უდინეზეს“ საწყის 23 წუთში გაუტანა 2 გოლი და მას მერე მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. ვერც „ემპოლის“ გაუტანა. სხვათა შორის, „იუვემ“ სერია A-ში „ალიანც სთედიუმზე“ მე-10 თამაში წააგო და აქედან 3 (30%) 2021 წელს. ბოლო 52 წლის განმავლობაში „იუვენტუსმა“ მესამედ ვერ მოახერხა საწყის ორ ტურში თამაშის მოგება. ასე იყო 2010-2011 და 2015-2016 წლების სეზონში. ასე რომ, ალეგრის სამუშაო ბევრი აქვს, მაგრამ ისიც ჩანს, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ მაქსიც ამოვარდნილია ფორმიდან და თითქოს თანამედროვე ფეხბურთს ფეხს ვერ უწყობს. ვნახოთ რა იქნება მომდევნო ტურებში, წინ კი „იუვეს“ „ნაპოლისთან“ და „მილანთან“ მატჩები აქვს და განვლილი ორი თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ტურინელების შანსი არცთუ დიდი იქნება.

„იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კი რომის „ლაციოში“ მუშაობა დიდებულად დაიწყო და „არწივებს“ ორ ტურში 6 ქულა აქვთ, თანაც 9 გოლი გაიტანეს. „ლაციომ“ „სპეციასგან“ მეოთხე წუთზე გაუშვა, მაგრამ მერე 6 გოლი გაიტანა და 6:1 იმარჯვა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ჩირო იმობილემ და რომაული გუნდისთვის სეზონი მართლაც ჩინებულად დაიწყო.

ბერგამოს „ატალანტამ“ შინ „ბოლონიას“ ვერ მოუგო, ხოლო „ფიორენტინამ“ „ტორინოს“ 2:1 აჯობა.

„ატალანტა“ – „ბოლონია“ 0:0 (0:0)

„ლაციო“ – „სპეცია“ 6:1 (3:1)

გოლები: 0:1 ვერდე (4), 1:1 იმობილე (5), 2:1 იმობილე (15), 3:1 იმობილე (45), 4:1 ფელიპე ანდერსონი (47), 5:1 ჰისაი (70), 6:1 ლუის ალბერტო (85)

„ფიორენტინა“ – „ტორინო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 გონსალესი (41), 2:0 ვლაჰოვიჩი (70), 2:1 ვერდი (89)

„იუვენტუსი“ – „ემპოლი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მანკუსო (21)

0.166194