ლოზანაში განცდილი მარცხის შემდეგ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, იამაიკელმა ელეინ თომპსონ-ერამ და შვედმა მონდო დუპლანტისმა, ბრილიანტის ლიგის პარიზის შეხვედრაზე, გამრჯვება მოიპოვეს.
იამაიკელმა თომპსონ-ერამ ტოკიოში ოქროს სამი მედალი მოიპოვა, ლოზანაში კი თავის უფროს თანამემამულესთან, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ შელი-ენ ფრეიზერ-პრაისთან დამარცხდა. ამან პარიზში გამოსვლისგან, გადაღლის მომიზეზებით, თავი შეიკავა. თომპსონ-ერამ კი 100 მეტრი 10.72 წამში გაირბინა და კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა.
მეორე და მესამე ადგილები, ტოკიოს ბრინჯაოს პრიზიორმა, იამაიკელმა შერიკა ჯეკსონმა (10.97) და ბრიტანელმა დინა აშერ-სმიტმა დაკავეს (11.06).
თომპსონ-ერას მსგავსად, ლოზანაში მარცხი იწვნია დუპლანტისმა, ვინც იქ სამეულშიც კი ვერ შევიდა. მაგრამ პარიზში ყველას დაუმტკიცა, რომ ჭოკით ხტომაში ბადალი არ ჰყავს. ის 6.01 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო, რის შემდეგაც, თავისივე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება სცადა და თამასა 6.19 მეტრამდე ააწევინა. მაგრამ ამ სიმაღლის აღება ვერ შეძლო.
მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში გამარჯვება ამერიკელმა მარვინ ბრეისიმ მოიპოვა, ვინც ფინიშს 10.04 წამში მიაღწია. მეორე ადგილი კი იამაიკელმა ნაიჯელ ელისმა (10.14) დაიკავა. მამაკაცთა შორის 200 მეტრზე სპრინტში გამარჯვება ამერიკელმა ფრედ კერლიმ მოიპოვა, ვინც პირადი რეკორდი გააუმჯობესა (19.79).
ტოკიოში ორი ოლიმპიური მედლის მოპოვების შემდეგ, ბრილიანტის ლიგაში მეორედ იასპარეზა ამერიკელმა ელისონ ფელიქსმა. 400 მეტრზე სპრინტში ის მესამე ადგილს (50.47 წამი) დასჯერდა. გამარჯვება დომინიკელმა მერილეიდი პაულინომ (50.12) მოიპოვა, ვინც გარბენის მიწურულს გადაასწრო ტოკიოს ვერცხლის მედალოსანს ბარბადოსიდან, სადა უილიამსს (50.30).
ლოზანაში წაგების შემდეგ, გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა (110 მეტრზე თარჯრბენში), იამაიკელმა ჰანსლე პარშმენტმა (13.03 წამი). ამერიკელი დევონ ალენი8 მას 0.05 წამით ჩამორჩა. კიდევ ერთმა იამაიკელმა, დანიელე უილიამსმა ქალთა შორის 100 მეტრზე თარჯრბენი მოიგო (12.50).