სხვა

0:25 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრეიზერ-პრაისმა თანამემამულე ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა

შელი-ენ ფრეიზერ პრაისიც და ელეინ თომპსონ-ერაც, 100 მეტრზე სპრინტში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან. მაგრამ თუ პირველი ადრე დომინირებდა, მეორე უკვე ორი ოლიმპიადაა, წინ არავის უშვებს. თანაც, ახლახანს ძალიან მიუახლოვდა ლეგენდარული ფლორენს გრიფიტ ჯოინერის მსოფლიო რეკორდს, რომელიც კარგა ხანს, მიუწვდომლად ითვლებოდა.

მაგრამ დაუმარცხებელი არც მოქმედი ჩემპიონი ყოფილა. ბრილიანტის ლიგის ლოზანას შეხვედრაზე, 34 წლის ფრეიზერ-პრაისმა 29 წლის თანაგუნდელი უკან მოიტოვა. თანაც თავის კარიერაში საუკეთესო დრო - 10.60 წამი დააფიქსირა. თომპსონ-ერა მას 0.04 წამით ჩამორჩა და პრეფონტენში დაფიქსირებულ თავისივე დროსთან (ყველა დროის მეორე საუკეთესოს - 10.54 წამი) 0.10 წამი წააგო. მესამე ადგილი აქაც მათმა თანაგუნდელმა, შერიკა ჯეკსონმა დაიკავა, ვინც ტოკიოში ბრინჯაოს დაეუფლა.

და ეს ბოლო შეხვედრა არაა, რომელზეც იამაიკელთა ტრიო იასპარეზებს. ისინი ახლა უკვე ბრილიანტის ლიგის პარიზის შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელსაც პარიზი შაბათს უმასპინძლებს.

ლოზანას შეხვედრაზე მარცხი სხვა ბევრმა ოლიმპიურმა ჩემპიონმაც იგემა. მათ შორის, ეთიოპიელმა მორბენალმა სელემონ ბარეგამ, შვედმა ჭოკით მხტომელმა არმანდ დუპლანტისმა, ბაჰამელმა სპრინტერმა სტივენ გარდინერმა, საშუალო დისტანციაზე მორბენალმა კენიელმა ემანუელ კორირმა, თარჯმრბენმა იამაიკიდან ჰანსლ პარშმენტმა, ასევე ნორვეგიელმა თარჯმრბენმა კარსტენ ვარჰოლმმა. მოკლედ, ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ლოზანას ეს შეხვედრა დანავსული გამოდგა.

მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც არ დამარცხებულა. მაგალითად, ბირთვის კვრაში უძლეველი ამერიკელი რაიან კროუზერი, ვინც ზედიზედ 21-ე გამარჯვება მოიპოვა.

ერთ დროს, დუპლანტისიც უძლეველი იყო, მაგრამ მსოფლიო რეკორდსმენმა ამჯერად სამეულში შესვლაც ვერ შეძლო. ის 5.82 მეტრზე დადებულ თამასასაც კი ვერ გადაევლო. გამარჯვება კი ამერიკელმა კრისტოფერ ნილსენმა მოიპოვა, ვინც ტოკიოში ვერცხლს დასჯერდა. ლოზანაში მან თანამემამულე სემ კენდრიკი დაამარცხა.

800 მეტრზე სირბილში, კორირი კანადელმა მარკო აროპმა დაამარცხა, ვინც ოლიმპიური საგზურის მოპოვებაც კი ვერ შეძლო. სხვათა შორის, მან კენიელი პრეფონტენშიც დაამარცხა.

400 მეტრზე თარჯრბენში, სამეულს გარეთ დარჩა ვარჰოლმი, ვინც ბოლო ათეულ მეტრებზე დაიღალა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილს დასჯერდა. გამარჯვება ამერიკელმა უილბერტ ლონდონმა მოიპოვა, რომელმაც ფინიშზე ბოტსვანელ ისააკ მაკვალას აჯობა.

0.117008