კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოთი და სიტყვებით დაემშვიდობა. პორტუგალიელმა დაწერა, რომ ის ყველაფერს აკეთებდა ერთ-ერთი უდიდესი კლუბისთვის და ყოველთვის ერთ-ერთი იუვენტინო იქნება.
„დღეს ვტოვებ ფანტასტიკურ კლუბს, უდიდესს იტალიაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უდიდეს მთელ ევროპაში. გული და სული მივეცი იუვენტუსს და ყოველთვის მეყვარება ქალაქი ტურინი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე. „ბიანკონერის“ გულშემატკივრები ყოველთვის პატივს მცემდნენ და ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის მადლობა გადამეხადა. ვიბრძოდი ყველა თამაშში, ყოველ სეზონში და ყველა ტურნირზე. საბოლოო ჯამში შეგვიძლია უკან მივიხედოთ და მივხდეთ, რომ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, არა ყველაფერს, რაც გვსურდა, მაგრამ ერთად დავწერეთ საკმაოდ ლამაზი ისტორია.
“Juve, storia di un grande amore
Bianco che abbraccia il nero
Coro che si alza davvero
Juve per sempre sara…”
ყოველთვის ვიქნები ერთ-ერთი თქვენგანი. ახლა თქვენ ხართ ჩემი ისტორიის ნაწილი და ვგრძნობ, მე - თქვენი. იტალია, „იუვე“, ტურინი, „იუვენტუსის“ გულშემატკივრები - ყოველთვის იქნებით ჩემს გულში“, - დაწერა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსში" 2018-2021 წლებში 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა, ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და იტალიის სუპერთასი, ხოლო ერთხელ იტალიის თასი. რონალდუ 12-წლიანი პაუზის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა, რომელთაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი 29 მილიონი ევრო იქნება, ხოლო ტურინულმა გრანდმა ტრანსფერისთვის 28 მილიონი ევრო მიიღო.