კრიშტიანუ რონალდუს შესახებ „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის გუნდს ტოვებს. იტალიელის აზრით, პორტუგალიელმა არჩევანი გააკეთა და მისი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არ არის.
“გუშინ რონალდუმ მითხრა, რომ „იუვენტუსში“ დარჩენის სურვილი აღარ აქვს. ამიტომაც, დღეს დილით არ ივარჯიშა და არც ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. იმედგაცრუებული ვარ? არა, აბსოლუტურად არა. მან არჩევანი გააკეთა. სივორი, დელ პიერო, ზიდანი, პლატინი, ბუფონი და სხვა ბევრი დიდი ფეხბურთელი წასულა, მაგრამ „იუვე“ რჩება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რონალდოს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რაც გააკეთა, მაგრამ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას წინსვლისთვის“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა. ორ-ორჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი, ერთხელ იტალიის თასი, ერთხელ კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.