„ლივერპულმა“ ამ ზაფხულს, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შეიძინა. „ლაიპციგიდან“ 36 მილიონ გირვანქად 22 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი, იბრაჰიმა კონატე იყიდა, რომელიც კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული უკანახაზელი აღმოჩნდა ვირჯილ ვან დეიკის შემდეგ.
არც არის გასაკვირი. წინა სეზონში მერსისაიდელებს დაცვაში დიდი პრობლემები შეექმნათ, რამაც საბოლოოდ შედეგზე იმოქმედა.
ბოლო დღეების განმავლობაში „წითლებმა“ კონტრაქტები გაუხანგრძლივეს ალექსანდერ-არნოლდს, ფაბინიოს, ალისონს, ვან დეიკს და რობერტსონს. ანუ, იურგენ კლოპი ჯერაც ენდობა ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა მოიგეს.
ენდი რობერტსონი ამჟამად ტრავმირებულია. არადა, გასულ სეზონში შესანიშნავი იყო. მან შვიდი გოლი გაიტანა. მეტი (8), მცველებს შორის მხოლოდ ვესტჰემელ აარონ კრესუელს ჰქონდა. რობერტსონმა ყველა - 38-ვე პრემიერლიგურ მატჩში ითამაშა. მაგრამ წინასასეზონო შეხვედრებისას ტერფის ტრავმა მიიღო და ახალი სეზონის პირველი ორი მატჩი მარცხენა მცველის პოზიციაზე 25 წლის ბერძენმა კოსტას ციმიკასმა ითამაშა, რომელიც „ლივერპულმა“ შარშან „ოლიმპიაკოსისგან“ 11,75 მილიონ გირვანქად იყიდა.
ის წინა სეზონის განმავლობაში პრემიერლიგაში მინდორზე მხოლოდ ოთხჯერ გამოჩნდა, ჩემპიონთა ლიგაში კი ორჯერ. ალბათ საგონებელში იყო თავის მომავალთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ „ნაპოლი“ და „ფენერბახჩე“ იწვევდნენ.
მაგრამ, როცა კლოპთან თამაშობ, მოთმინება უნდა იქონიო. მას ნელ-ნელა შეჰყავს ახალწვეულები მთავარ გუნდში. სტილს აჩვევს. ასე იყო რობერტსონის შემთხვევაში, როცა ის „წითლებს“ „ჰალ სიტიდან“ შეუერთდა 2017 წელს. პირველ სეზონში სასტარტო 14 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა მინდორზე. ალბერტო მორენოს უცქერდა და სწავლობდა კლოპის სტილს.
ასევე იყო ოქსლეიდ-ჩემბერლენისა და ფაბინიოს შემთხვევებშიც. შეიძლება ამის გამო ფეხბურთელებს გული მოსდით, მაგრამ რას იზამენ. ეს კლოპი და მისი სტილია.
ახალ სეზონში კი გერმანელი სპეციალისტი იძულებული იყო დაცვის მარცხენა ფრთა ციმიკასისთვის ჩაებარებინა, რადგან რობერტსონი კვლავაც დაშავებულია. და ბერძენმა გაამართალა, „ნორვიჩთან“ (3:0) და განსაკუთრებით „ბარნლისთან“ (2:0) შესანიშნავად ითამაშა. პირველ შემთხვევაში მან ორიოდე შეცდომა დაუშვა, მეორედ კი შეუდარებელი იყო. ჟოტამაც პირველი გოლი მისი გადაცემის კვალად შეაგდო. თავისი ენერგიით და შეუპოვრობით ამ მატჩში ციმიკასმა რობერტსონი მოგვაგონა. აღმოჩნდა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მას კარგად აუთვისებია კლოპის სტილი.
ახლა ჰერ იურგენს „თავსატეხი“ გაუჩნდა. რობერტსონი თითქმის უკვე ჯანმრთელია, შაბათს კი „ჩელსისთან“ პრემიერლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩია „ენფილდზე.“ რობერტსონი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია, უდიდესია მისი წვლილი „ლივერპულის“ ბოლოდროინდელ წარმატებებში. მაგრამ ციმიკასიც ამტკიცებს, რომ მზადაა სერიოზული გამოწვევებისთვის. ლუკაკუს დამატების კვალად ხომ „ჩელსის“ თავდასხმა ძალიან სახიფათოდ გამოიყურება.
„ბარნლისთან“ გამარჯვების შემდეგ კლოპმა თქვა: „ბოლო წლებში პრობლემა გვქონდა, ვისით შეგვეცვალა საჭიროების შემთხვევაში რობერტსონი. ვიტყოდი, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ის შეუდარებელია. ერთნაირად წარმატებულია დაცვაშიც და თავდასხმაშიც. რობო მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. ნამდვილი ლიდერი.
კოსტასს დრო სჭირდებოდა, ჩვენ სტილში გასარკვევად. ახლა კარგად იცის რას ვითხოვთ მცველებისგან. კარგია, რომ რობოს სრულფასოვანი შემცვლელი გამოუჩნდა. თუ დაცვაში ჩვენს ბოლოდროინდელ პრობლემებს გავიხსენებთ, მწვრთნელისთვის ასეთი მოთამაშე ბედნიერებაა.
მოკლედ, კლოპი არჩევანის წინაშე დადგა, ვინ ათამაშოს „ჩელსისთან,“ რობერტსონი თუ ციმიკასი? ბერძენი ხომ ჭაბუკ ჰარვი ელიოტთან ერთად მერსისაიდელთა აღმოჩენაა.
სხვათა შორის, კონსტანტინოსი საბერძნეთის ნაკრების მოთამაშეცაა (9 მატჩი). ბერძნები კი ჩვენი თანაჯგუფელები არიან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.
პირველ შეხვედრაში, 31 მარტს, სალონიკიში (1:1), ციმიკასი თადარიგში გახლდათ. 9 ოქტომბერს კი ბერძნები ბათუმში გვეწვევიან და ბოლოდროინდელი წარმატების შემხედვარე, კოსტასი შეიძლება ელინთა ეროვნული გუნდის ძირითადშიც ვიხილოთ.