სხვა

10:18 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონის მიზანი 100 მეტრზე რეკორდია

სპრინტის იამაიკელი დედოფალი ელეინ თომპსონ-ერა (ფოტოზე) ამბობს, რომ 100 მეტრზე სპრინტში მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ, მისი მიზანი, ამავე დისტანციაზე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. იმ რეკორდის, რომელიც ლეგენდარულ ფლორენს გრიფიტ ჯოინერს 1988 წელს აქვს დამყარებული.

თომპსონ-ერამ ტოკიოში 100 და 200 მეტრზე სპრინტში მოიპოვა ოქროს მედლები, ახლახანს კი, პრეფონტენის კლასიკურ შეჯიბრზე გამოსვლისას, ასი მეტრი 10.54 წამში გაირბინა. ეს კი ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია და ფლო-ჯოს რეკორდს 0.05 წამით ჩამორჩება.

იამაიკელი ხუთშაბათს ბრილიანტი ლიგის კიდევ ერთ, ლოზანას შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და შესაძლოა, რეკორდის დამყარება სწორედ იქ სცადოს.

„რამდენიმე წლის წინათ მკითხეს, შემეძლო თუ არა ამ რეკორდის გაუმჯობესება და მაშინ ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ 10.54 ნიშნავს, რომ რეკორდი ერთი ხელის გაწვდენაზეა. და ესე იგი, ყველაფერი შესაძლებელია“, - ამბობს თომპსონ-ერა.

ლოზანაში მასთან ერთად, კიდევ ერთი სახელოვანი იამაიკელი, ასევე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (100 მეტრზე) იასპარეზებს, ვინც თომპსონ-ერამ ტოკიოშიც უკან მოიტოვა და იუჯინშიც.

„ელეინი რეკორდთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე მე. კარგია, როცა ისეთ რეკორდს ეჭიდები, რომელზეც ქალები კარგა ხანს ფიქრობდნენ რომ მიუწვდომელია. ეს ყველაფერი, სპრინტის სწრაფ ევოლუციაზე მეტყველებს. ლოზანაში ძალიან კარგი ტრეკია. იქ 2019 წელს 10.7 წამში გავირბინე. და ეს იმ დროს, როცა თვითმფრინავიდან ახალი ჩამოსული ვიყავი“, - ამბობს ფრეიზერ-პრაისი.

34 წლის ფრეიზერ-პრაისი თავის ახალგაზრდა თანაგუნდელს აფრთხილებს, რომ ტოკიოში და იუჯინში მათი პაექრობის საბოლოო გამარჯვებული არ გამოვლენილა და რომ მას თავისი საუკეთესო შედეგი ჯერ არ დაუფიქსირებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115828