ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლა „ტოიოტას“ გამარჯვებით დასრულდა. იაპონური კომპანიის ჰიპერკარებმა, აბსოლუტურ ჩათვლაში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. ლე მანზე ეს „ტოიოტას“ ეკიპაჟების ზედიზედ მეოთხე ტრიუმფია. და ამჯერად გამარჯვება N7 ეკიპაჟმა მოიპოვა, რომელსაც წინა რბოლებში ბედი არ სწყალობდა.
გამარჯვებული ეკიპაჟის წევრები არიან: იაპონელი კამუი კობაიაში, ბრიტანელი მაიკ კონვეი და არგენტინელი ხოსე მარია ლოპესი. ისინი „ტოიოტას“ ჰიბრიდულ ჰიპერავტომობილ GR010-ს მართავდნენ. მათ ორი წრე მოუგეს N8 ეკიპაჟს, რომელსაც იაპონელი კაზუკი ნაკაძიმა, ახალ ზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი და შვეიცარიელი სებასტიან ბუემი მართავდნენ.
„ტოიოტამ“ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდე რბოლა მოიგო და ჩემპიონატს ლიდერობს. საინტერესოა, რომ ლე მანის ისტორიაში, არგენტინელმა მრბოლმა გამარჯვება მხოლოდ მეორედ მოიპოვა. პირველმა ეს ხოსე ფროილან გონსალესმა შეძლო, ვინც 1954 წელს „ფერარის“ ავტომობილით გაიმარჯვა.
ორმაგი გამარჯვების მიუხედავად, „ტოიოტასთვის“ რბოლა იოლი არ ყოფილა. პირველივე წრეზე N8 ეკიპაჟის ბუემის შეჯახება მოუვიდა, რის გამოც, ბოქსებში შევიდა და ბევრი ადგილი დაკარგა. გარდა ამისა, ორივე ეკიპაჟს საწვავის შევსების დროსაც შეექმნა პრობლემები. საბოლოოდ, მესამე ადგილი ფრანგულმა „ალპინ ელფ მატმუტმა“ დაიკავა, რომლის „ალპინ A480 გიბსონსაც“ ბრაზილიელი ანდრე ნეგრაუ, ფრანგი ნიკოლას ლაპიერი და ფრანგი მატიო ვაქსივიერი მართავდნენ. ისინი გამარჯვებულ ეკიპაჟს ოთხი წრით ჩამორჩნენ.
LMP2 კლასში გამარჯვება ბელგიური გუნდის, „ტიმ WRT-ს“ N31 ეკიპაჟმა მოიპოვა, რომელსაც ჰოლანდიელი რობინ ფრიინსი, ავსტრიელი ფერდინანდ ჰაბსბურგი და ფრანგი შარლ მილესი მართავდნენ. გუნდის მეორე, N41 ეკიპაჟი (პოლონლი რობერტ კუბიცა, შვეიცარიელი ლუი დელეტრაზი და ჩინლი იე იიფეი მართავდნენ, ბოლო წრემდე ლიდერი იყო, მაგრამ ფინიშს ვერ მიაღწია.
ლიდერი ფრიინსი გახდა, მაგრამ მას ბოლო მეტრებამდე უშეღავათო პაექრობა გუნდ „ჯოტას“ N28 ეკიპაჟმა (ბელგიელი სტოფელ ვანდოორნი, შვედური წარმოშობის, ბრიტანეთში გაზრდილი და ახალ ზელანდიაში მცხოვრები ტომ ბლომქვისტი და ინდონეზიელი მუჰამედ შონ რიკარდო გელაელი) გაუწია. ბლომქვისტი ფრიინსს ბოლომდე უტევდა, მაგრამ საბოლოოდ, 0.7 წამი დათმო.