მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი აშშ-ის ღია პირველობაზე მთავარი ფავორიტი იქნება. ცინცინატის ტურნირზე გამარჯვებით მან დაადასტურა, რომ კარგ ფორმაში იმყოფება. „ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენ-ის“ ფინალში მან ტურნირზე უაილდ ქარდით მოთამაშე შვეიცარიელი ჯილ ტაიხმანი 6-3, 6-1 დაამარცხა.
ბარტის აქამდე დიდი სლემის მხოლოდ ორი ტურნირი აქვს მოგებული. 2019 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე გაიმარჯვა, წელს კი უიმბლდონი მოიგო. მის გალერეაში ჯერჯერობით არაა დიდი სლემის მყარსაფარიანი ტურნირების - ავსტრალიის და აშშ-ის ღია პირველობების ტიტულები.
ბარტიმ ცინცინატიში დიდი სლემის ტურნირების ტიტულების მფლობელებს, გერმანელ ანგელიკ კერბერს, ბელარუს ვიკტორია აზარენკას და ჩეხ ბარბორა კრეიჩიკოვას მოუგო.
„საოცარი კვირა იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ყოველ შეხვედრაში სულ უფრო უკეთ და უკეთ ვთამაშობდი“, - განაცხადა ავსტრალიელმა, ვისთვისაც ეს ამ სეზონში მეხუთე (ქალთა ტურზე ყველაზე მეტი) ტიტულია.
ბარტი ტოკიოს ოლიმპიადაზეც ფავორიტი იყო, მაგრამ პირველივე წრეში, ესპანელ სარა სორიბეს ტორმოსთან დამარცხდა. შემდეგ კი წყვილებში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.