ჰოლანდიელმა მორბენალმა სიფან ჰასანმა ოლიმპიადს შემდეგაც, 5 000 მეტრზე სირბილში პირველობა არავის დაუთმო. მან პრეფონტენის (შტატი ორეგონი, აშშ) კლასიკური შეჯიბრი მოიგო. ოღონდ, ოლიმპიადაზე სამ დისტანციაზე ასპარეზობით გადაღლილმა, მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება ვერ შეძლო.
გარბენის დასაწყისში, ჰასანს მსოფლიო რეკორდის (14:06.62) გრაფიკი ჰქონდა, მაგრამ ბოლო სამ წრეზე დაიღალა და საბოლოოდ, 14 წუთს და 27.89 წამს დასჯერდა. ცნობისათვის, მსოფლიო რეკორდი ეთიოპიელ ლეტესენბეტ გიდის შარშან აქვს დამყარებული.
„ბოლო ორ წრეზე უკვე ვიცოდი, რომ რეკორდს გაუმჯობესებას ვერ შევძლებდი. ოლიმპიადაზე ძალიან რთული ორი კვირა მქონდა. ფიზიკურადაც და ემოციურადაც. განწყობა ახლაც საბრძოლო მაქვს, მაგრამ გადაღლილი ვარ“, - განაცხადა ჰასანმა.
მეორე და მესამე ადგილები ეთიოპიელებმა, სენბერე ტეფერიმ (14:42.25) და ფანტუ ვორკუმ (14:42.85) დაიკავეს.
ტოკიოს ოლიმპიადაზე 28 წლის ჰასანმა სამ დისტანციაზე იასპარეზა. 10 000 და 5 000 მეტრზე ოქროს მედალს დაეუფლა, მაგრამ 1 500 მეტრზე ბრინჯაოს დასჯერდა. მასვე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე, ოქროს მედლები 10 000 და 1 500 მეტრზე აქვს მოპოვებული. მილზე (1 600 მეტრი) სირბილში კი მსოფლიო რეკორდს ფლობს.
ჰასანმა 10 000 მეტრზე მსოფლიო რეკორდი ივნისში გააუმჯობესა (29:06.82), მაგრამ ორ დღეში გიდიმ მის შედეგს 5 წამი მოაკლო.
რაც შეეხება პრეფონტენის კლასიკურს, ის ბრილიანტის ლიგის შეჯიბრია და განახლებულ ჰეივორდ ფილდზე ტარდება, სადაც ამერიკის ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი ჩატარდა.