ფეხბურთი

21:09 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ვალენსია" სილესენის გაყიდვას გეგმავს, მამარდაშვილმა ის დაჩრდილა"

„ვალენსია“ იასპერ სილესენის გაყიდვას აპირებს, ხოლო კრისტიან რივეროს იჯარით გაუშვებს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა elgoldigital.com-ი ავრცელებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, გიორგი მამარდაშვილმა სამწვრთნელო შტაბის ნდობა მოიპოვა და კლუბი მზადაა მაღალანაზღაურებადი სილესენი გაყიდოს.

„წინასასეზონო შეკრება ძალიან კარგად გამოიყენეს „ვალენსიამ“ და მისმა ახალგაზრდა მეკარემ, რომელიც სილესენის ტრავმის შემდეგ ნამდვილი შვება იყო. ჩვენ ვგულისხმობთ 20 წლის გიორგი მამარდაშვილს, რომელიც „ვალენსიას“ ახალი მეკარე იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ფეხბურთელი იმიტომ დაიმატეს ამ ზაფხულს, რომ მეორე გუნდში ეთამაშა, მაგრამ ბორდალასმა ლა ლიგის მატჩების წინ შანსი მისცა და მან შესანიშნავად ითამაშა, რითაც მთელი სამწვრთნელო შტაბი დაარწმუნა. ბორდალასმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნოს.

გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმება ავტომატურად ნიშნავს, რომ „ვალენსია“ რომელიმე მეკარემ უნდა დატოვოს, როგორც ჩანს, ეს სილესენი იქნება. ბორდალასს არ მოუწევს ფიქრი მის ხარისხიან შემცვლელზე, რადგან ასეთი უკვე ჰყავს. კლუბის სპორტულმა მენეჯმენტმა კი იდეალური შესაძლებლობა მიიღო, რომ ხარჯები შეამციროს სხვა პოზიციების ხელშეუხებლად. ყველაფერი მიუთითებს, რომ კლუბს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დატოვებს.

რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ნიდერლანდელ იასპერ სილესენის შესახე, რომელიც 21 წლის მეკარემ დაჩრდილა და ასევე გასაყიდად გასწირა. მოსალოდნელი იყო, რომ გუნდს ხაუმე დომენეკი დატოვებდა, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი „ბარსელონას“ ყოფილი მეკარის ანაზღაურებაა.

ამ დროისთვის „ვალენსიას“ შემადგენლობაში ლა ლიგისთვის ოთხი მეკარეა რეგისტრირებული: იასპერ სილესენი, ხაუმე დომენეკი, გიორგი მამარდაშვილი და კრისტიან რივერო. ეს უკანასკნელი უახლოეს დღეებში ალბათ, „ლეგანესში“ იჯარით გადავა. ამრიგად, ბორდალასი ამ სეზონში ორი მეკარით ითამაშებს. ერთი მათგანი დომენეკი იქნება, მაგრამ მეორე არ იქნება ნიდერლანდელი, რადგან ეს პოზიცია მამარდაშვილს აქვს დაკავებული. „ვალენსია“ სილესენის სწრაფად გაყიდვას ცდილობს, რომ თანხის დაზოგვა შეძლო. ამ ოპერაციის დასრულებამდე კი ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება“, - წერია ესპანურ გამოცემა.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა პრესეზონის დროს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ოთხივეში ძალიან კარგად გაისარჯა, რასაც ლა ლიგაში დებიუტი მოჰყვა („ხეტაფესთან“). ამ მატჩში 20 წლის ქართველი იმდენად კარგი იყო, რომ ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, სიმბოლურში მოხვდა და მისი ერთ-ერთი სეივი (ჯამში 4 სეივი ჰქონდა), ტურის სეივებში პირველ ადგილზე გავიდა, ამდენად, ლოგიკურია, რომ ბორდალასი ისევ მას დაეყრდნობა. ნიჭიერ მეკარეს "ვალენსიაში" სულ 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსია“ 21 აგვისტოს სტუმრად „გრანადას“ შეხვდება (თბილისის დროით 21:30 საათზე). გავიხსენოთ, რომ გრანადაში მამარდაშვილს უკვე ნათამაშები აქვს, გასული წლის შემოდგომაზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ რიგებში. მაშინ, გიორგიმ ორი გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც შესანიშნავად ითამაშა და ქართული გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129101