ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში დიდი ალბათობით, გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. „ვალენსიას“ იასპერ სილესენი გამოუჯანმრთელდა, რომელიც გუნდთან ერთად რამდენიმე დღეა უკვე ვარჯიშობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენებური სასტარტოში ადგილს ინარჩუნებს.
ყოველშემთხვევაში, მატჩისწინა დღეს გავლენიანი გამოცემების, Marca-სა და As-ის სავარაუდო შემადგენლობებში გიორგი წერია. როგორც ჩანს, ხოსე ბორდალასი ქართველს ნდობას ისევ უცხადებს, იმის მიუხედავად, რომ „ღამურებს“ გამოცდილი კიპერი დაუბრუნდათ.
მამარდაშვილმა პრესეზონის დროს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ოთხივეში ძალიან კარგად გაისარჯა, რასაც ლა ლიგაში დებიუტი მოჰყვა („ხეტაფესთან“). ამ მატჩში 20 წლის ქართველი იმდენად კარგი იყო, რომ ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, სიმბოლურში მოხვდა და მისი ერთ-ერთი სეივი (ჯამში 4 სეივი ჰქონდა), ტურის სეივებში პირველ ადგილზე გავიდა, ამდენად, ლოგიკურია, რომ ბორდალასი ისევ მას დაეყრდნობა. ნიჭიერ მეკარეს "ვალენსიაში" სულ 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ 21 აგვისტოს სტუმრად „გრანადას“ შეხვდება. გავიხსენოთ, რომ გრანადაში მამარდაშვილს უკვე ნათამაშები აქვს, გასული წლის შემოდგომაზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ რიგებში. მაშინ, გიორგიმ ორი გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც შესანიშნავად ითამაშა და ქართული გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.