ევროპა ლიგის პლეი-ოფში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა სლოვენიაში, „მურას“ წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.
ავსტრიულმა გუნდმა სტუმრად მეტოქეს 3:1 აჯობა და ჯგუფურ ეტაპზე თამაშისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ოთარმა 76-ე წუთამდე ითამაშა, გოლი კი მე-60 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა, რითაც ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ 2:1 გახადა. საპასურო მატჩი გრაცში ერთი კვირის შემდეგ გრაცში გაიმართება და „შტურმი“ წყვილში აშკარა ფავორიტია.
კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ პოლონეთში „რაკოვს“ ესტუმრა და 0:1 წააგო. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა. სხვათა შორის, „რაკოვმა“ წინა ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინი“ გამოთიშა ასპარეზობას, ახლა „გენტის“ ძლევასთან ახლოსაა და ყველაფერი ერთ კვირაში ბელგიაში გადაწყდება.
დანიური „კოპენჰაგენი“ თურქეთში „სივასსპორს“ შეხვდა და 2:1 მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში 5-წუთიან ინტერვალში გავიდა. დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. იეს თორუპის გუნდი ძალიან ახლოსაა „სივასის“ ძლევასთან, რომელმაც წინა ეტაპზე „დინამო ბათუმს“ აჯობა.
კონფერენს ლიგაზე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტუმრად ბეერ შევას „ჰაპოელს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ამ შედეგში დიდი წვლილი გიორგი ლორიამ შეიტანა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და მასპინძლების მხრიდან რამდენიმე რთული დარტყმა უკუაგდო. საქართველოს ნაკრების მეკარე ნელ-ნელა სასურველ კონდიციაში შედის. მას არცთუ დიდი ხნის წინ კორონავირუსი საკმაოდ რთულ ფორმებში ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა და ეს „ჰაპოელთან“ მატჩში დაამტკიცა. საპასუხო შეხვედრა კვიპროსში 26 აგვისტოს გაიმართება.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი "სლოვანი" ევროპა ლიგის პლეი-ოფში პირეოსის "ოლიმპიაკოსს" ესტუმრა და უშანსოდ 0:3 წააგო, რის შედეგადაც ალბათ, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მოუწევს. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს და ქართველმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო. საპასუხო მატჩი ბრატისლავაში შედგება.