ესპანეთის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილი ფეხბურთელი პედრო როდრიგესი კარიერას „ლაციოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია რომაული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.
პედრო „ლაციოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „რომასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ის „ბიანკოჩელესტეს“ რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში 2 მილიონი ევროს მიიღებს. ესპანელს 9-ნომრიანი მაისური გადაეცა.
პედროს კარიერა „ბარსელონაში“ დაიწყო, სადაც 2007-2015 წლებში 321 თამაშში 99 გოლი გაიტანა, 2015-2020 წლებში კი ლონდონის „ჩელსიში“ 206 თამაშში 43-ჯერ შეძლო მეტოქეთა დამწუხრება. გასულ სეზონში მან „რომას“ რიგებში ჩატარებულ 40 შეხვედრაში თავი ექვსჯერ გამოიჩინა.