ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა ესპანურ მედიასთან გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი კარის დარაჯი ფიქრობს, რომ „ვალენსიამ“ ქართველი მეკარის შეძენით ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო.
კანისარესი დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე „ღამურების“ ძირითადი მეკარე მამარდაშვილი უნდა იყოს, რადგან ხოსე ბორდალასს ცვლილების საფუძველი არ აქვს.
„ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რომ მამარდაშვილის ძირითადში თამაშზე ეჭვი შევიტანო და ვფიქრობ, ბორდალასაც არ ეპარება ეჭვი. მამარდაშვილთან დაკავშირებით მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, ის ახალგაზრდაა და შეცდომებსაც დაუშვებს, მაგრამ აშკარაა, რომ გუნდის გადარჩენა გადამწყვეტ მომენტებშიც შეუძლია. გაუმართლა, რომ ოჩოტორენასთან („ვალენსიას“ მეკარეების მწვრთნელი - რედ) ვარჯიშობს, მასთან ფიზიკურადაც მოუმატებს. თუმცა, მეშინია, რომ არ გადაიწვას. ამ ტრანსფერში რისკი არ არის და არასდროს გავაკრიტიკებ. ეს ფანტასტიკური მენეჯმენტის დამსახურებაა და ჩემი ფულითაც შევიძენდი. ძალიან რთული იქნება, რომ ხაუმემ გუნდი დატოვოს მისი ხელფასიდან გამომდინარე, კრისტიან რივეროს წასვლა უფრო ადვილი იქნება“, - თქვა კანისარესმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ შედგა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (1:0) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, მან პრესეზონზეც გამოიჩინა თავი და 4 მატჩიდან სამჯერ კარი მშრალად შეინახა. "ვალენსია" 21 აგვისტოს სტუმრად "გრანადას" შეხვდება და ძირითად შემადგენლობაში Marca ქართველ კიპერს მოიაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ იასპერ სილესენი გამოჯანმრთელდა.