სხვა

2:17 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპსენმა ვუელტაზე კიდევ ერთი ეტაპი მოიგო

ბელგიელმა იასპერ ფილიპსენმა ვუელტა ესპანიას მეხუთე, სპრინტერული ეტაპი მოიგო, ესტონელი რაინ ტაარამაე კი დაეცა და ლიდერობა ფრანგ კელი ელისონდეს გადააბარა. ფილიპსენისთვის ეს წლევანდელ ვუელტაზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა.

ალბასეტეში დასრულებული მეხუთე ეტაპის მიწურულს, ფილიპსენმა (ალპესინ-ფენიქსი) ფინიშთან მცირედით მიასწრო წინა ეტაპის გამარჯვებულს, ჰოლანდიელ ფაბიო იაკობსენს (დესონინკ-ქვიკ-სტეპი). ფილიპსენმა პირველი გამარჯვება მეორე ეტაპზე მოიპოვა.

ტაარამაეს (ინტერმარკე-ვანტი) ზედიზედ მეორე ეტაპზე შეემთხვა ინციდენტი. ამჯერად ფინიშამდე 8 კილომეტრით ადრე დაეცა და რბოლას კი დაუბრუნდა, მაგრამ ორ წუთზე მეტი დაკარგა. რა თქმა უნდა, ლიდერის წითელი მაისურიც ხელიდან გაუშვა.

„ამჯერადაც იღბლიანი წაქცევა იყო, იღბლიანი იმიტომ, რომ ტრავმას გადავურჩი. კარგი პოზიციის დაკავებაც ვცდილობდი, როცა ჩემ წინ დაეცნენ. უკან მყოფებმა გვერდი ამიარეს, მე კი ჩავრჩი. დასაბრუნებლად წუთები დამჭირდა“, - განაცხადა ვეტერანმა ესტონელმა.

ელისონდე (ტრეკ-სეგაფრედო) შეჯახებას გადაურჩა და მოგებულიც დარჩა. თუმცა მისი ლიდრობა მყარი არაა, რადგან მისგან ხუთ წამშია ვუელტას ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი.

მეექვსე ეტაპი სამთოა და დიდი ალბათობით, მასზე ლიდერი ისევ შეიცვლება.

0.12543