ფეხბურთი

1:47 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის ახალი კონკურენტი? "ვალენსია" თურქეთის ნაკრების მეკარის ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური „ვალენსია“ თურქეთის ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ მეკარის უღურჩან ჩაკირის ტრანსფერზე მუშაობს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ღამურები“ იასპერ სილესენის გაყიდვას აპირებენ და სწორედ მის შემცვლელად სურთ 25 წლის თურქი კიპერის დამატება. ესპანელებს თავდაპირველად ჩაკირის იჯარით დამატება და შემდეგ მისი გამოსყიდვა სურდათ, ჯამში 17 მილიონად, სიადანაც 5 მილიონი ევრო იჯარის საფასური იქნებოდა. თუმცა, ტრაბზონელებმა ეს წინადადება უარყვეს, მათ სურთ, რომ „ვალენსიამ“ მეკარის გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს. მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

ამდენად, დიდი შანსია, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ ახალი კონკურენტი გამოუჩნდეს. „ლოს ჩეს“ ხაუმე დომენეკი ამ დრომდე ტრავმირებული ჰყავს, სილესენმა ტრავმა ახლახან მოირჩინა, მაგრამ ლაზარეთში ის ბევრ დროს ატარებს და ამიტომაც, სურთ, რომ გუნდიდან გაუშვან. ხოსე ბორდალასის განკარგულებაში მხოლოდ გიორგი მამარდაშვილი რჩება და ჩაკირის ტრანსფერზეც მუშაობა მიმდინარეობს.

თურქ მეკარე „ტრაბზონსპორში“ 119 მატჩი აქვს ჩატარებული, თურქეთის ნაკრებში კი ამ დღემდე 11-ჯერ ითამაშა და მათ შორის, ევრო 2020-ზე სამივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

0.116434