ტურინის "იუვენტუსმა" მანუელ ლოკატელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "ბებერი ქალბატონის" რიგებში ჩაირიცხა.
"იუვემ" ლოკატელი 2023 წლის ზაფხულამდე იჯარით დაიმატა, მაგრამ ამის შემდეგ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ამოქმედდება და ფეხბურთელს სრულუფლებიან კონტრაქტს 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმებს. მთლიანობაში ტრანსფერის ღირებულებამ 37.5 მილიონი ევრო შეადგინა და ამ თანხას "სასუოლო" ნაწილ-ნაწილ მომდევნო წლებში მიიღებს.
ლოკატელის „არსენალი“ და „დორტმუნდი“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ „იუვენტუსის“ გულშემატკივარია და მხოლოდ „ბებერ ქალბატონში“ თამაშის დიდი სურვილი გამოხატა, რის შემდგომაც „სასუოლოს“ ინგლისურ-გერმანულ გაცილებით სარფიან წინადადებებზე უარის თქმა მოუწია.
მანუელ ლოკატელის კარიერა „მილანში“ დაიწყო, რომლის რიგებში 2016-2018 წლებში 63 მატჩში 2 გოლი გაიტანა („იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ კარში), ხოლო 2018-2021 წლებში „სასუოლოში“ 99 შეხვედრაში თავი შვიდჯერ გამოიჩინა. იტალიის ნაკრებში მას დებიუტი 2020 წელს ჰქონდა, მას მერე 15 თამაშში 3 გოლი გაიტანა (მათ შორის, ორი ევრო 2020-ზე) და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.