ვეტერანი ქართველი ძიუდოისტის და ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა მოკლეს. „რადიო თავისუფლება“ იტყობინება, რომ კახეთში, სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრში მანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს, ერთ-ერთი მათგანი კი ზვიად ზვიადაურია.
სამივე მათგანი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ კლინიკაში შეყვანისას სამივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო. ამავე ინციდენტის დროს დაიჭრა ორი პიროვნება, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიებელ გარემოებაში, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.
შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია. მან გამარჯვება ათენში, 2004 წელს, 90 კგ წონით კატეგორიაში მოახერხა.