სხვა

4:15 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას სპრინტერული მეორე ეტაპი იასპერ ფილიპსენმა მოიგო

ვუელტას მეორე ეტაპი, რომელიც სპრინტით დასრულდა, „ალპესინ-ფენიქსის“ ბელგიელმა იასპერ ფილიპსენმა მოიგო. მან უკან ჩამოიტოვა ჰოლანდიელი ფაბიო იაკობსენი (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) და ავსტრალიელი მაიკლ მეტიუზი (ტიმ ბაიკ ექსჩეინჯი).

ვუელტას მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა (ჯუმბო ვისმა) კი, ვინც მიმიდინარე ველომარათონი, დროზე ინდვიდუალური რბოლის მოგებით დაიწყო, ლიდერის წითელი მაისური იოლად შეინარჩუნა. ფილიპსენმა კი, სპრინტის მოგებით, ქულების ჩათვლის ლიდერის მწვანე მაისური მოირგო.

როგლიჩის გარდა, მეორე ეტაპი პელოტონთან ერთად მისმა მთავარმა კონკურენტმა, „ინეოს გრენადერსის“ კოლუმბიელმა ეგან ბერნალმაც დაასრულა. პელოტონში იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ბერნალის ეკვადორელი თანაგუნდელი, რიჩარდ კარაპასიც, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების აღსანიშნად, ესპანეთში ოქროსფერი ჩაფხუტით ასპარეზობს.

მომდევნო ეტაპი სამთოა და მისი ფინიში პირველი კატეგორიის აღმართზეა. როგლიჩი ამბობს, რომ წინ ურთულესი ეტაპია, რომელიც მრბოლტაგან ყველაფრის გაღებას მოითხოვს და ის ამისთვის მზადაა.

„ნერვიული ეტაპი იქნება, რადგან მარშრუტის სწორ მონაკვეთზე, ქარია მოსალოდნელი. შემდეგ კი, აღმართზე ფავორიტებს შორის, გადამწყვეტი ბრძოლა შედგება“, - ამბობს როგლიჩი, ვისაც ესპანური მარათონი ორჯერ (2019 და 2020 წლებში) აქვს მოგებული.

0.125397