გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის იუპილერ ლიგაში მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. „გენტმა“ შინ „მეხელენს“ უმასპინძლა, 2:0 იმარჯვა და მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო.
ჩაკვეტაძემ კონკრეტულად ბელგიის ჩემპიონატში 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა. ის მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი წინ იყო (1:0) და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნურიო ფორტუნას გაატანინა. დარტყმა და გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ თანაგუნდელს გაუკეთა პასი, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია. ქართველ შემტევს საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ 85-ე წუთზე ბურთს ოდნავ ვერ შესწვდა.
გიორგიმ სამი დღის წინ კონფერენს ლიგაზე ითამაშა 28 წუთი, ახლა უკვე ბელგიის ჩემპიონატშიც მისცა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა თამაშის შესაძლებლობა.
„გენტს“ ოთხი ტურის თავზე 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა. ხუთშაბათს ბელგიური კლუბი პოლონეთის „რაკოვს“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში დაუპირისპირდება.