თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ ოფიციალურ მატჩში ითამაშა! კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიური „გენტი“ ლატვიაში რფს-ს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
ბელგიაში მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო ლატვიაში ბელგიელებმა ჯოზეფ ოკუმუს 73-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს, შედეგად, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ჩაკვეტაძე მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა! ეს იყო გიორგის პირველი ოფიციალური თამაში 2020 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ.
„გენტი“ პლეი-ოფში პოლონურ „რაკოვს“ შეხვდება. შეიძლებოდა იქ ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირება გვენახა, მაგრამ „რუბინი“ „რაკოვთან“ გავარდა. პოლონეთში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, ხოლო ყაზანში 90 წუთში ისევ არ გავიდა გოლი, შედეგად დამატებითი დრო დაინიშნა. ყველაფერი სტუმართა 111-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და „რაკოვმა“ ორი მატჩის ჯამში 1:0 მოიგო. სხვათა შორის, ძალიან დრამატული თამაში იყო, 120-ე წუთზე შეად ჰაკსაბანოვიჩს პოლონელთა მეკარემ თერმეტმეტრიანი აუღო. არადა, მონტენეგროელს პენალტი რომ გაეტანა, პენალტების სერია დაინიშნებოდა და „რუბინს“ შანსი ექნებოდა. თუმცა, მას მერე, რაც დარტყმა გააცუდა, მსაჯს თამაში აღარ გაუგრძელებია და ლეონიდ სლუცკის გუნდი ასე დრამატულად გავარდა. კვარაცხელია მოედანზე 105 წუთის განმავლობაში იყო, შემდეგ დაღლილობის გამო შეცვალეს. ის აქტიური იყო, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ საუკეთესო თამაში ჩაატარა. მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ და თავისუფლებას არ აძლევდნენ.
„ხვიჩას წინააღმდეგ პერსონალურად ვითამაშეთ. ის „რუბინის“ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია და მოვემზადეთ, რათა ის ჩვენი კარისკენ არ გაგვეშვა“, - თქვა მატჩის შემდეგ „რაკოვის“ მთავარმა მწვრთნელმა მარეკ პაპშუნმა.
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“, რომელმაც შინ ვენის „რაპიდს“ 2:1 მოუგო, მაგრამ სტუმრად 0:3 ჰქონდა წაგებული და პლეი-ოფში ვერ გავიდა. ფამაგუსტელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, რომელმაც თავისი გუნდი გოლისგან ხუთჯერ იხსნა, მაგრამ ეს მომდევნო ეტაპის საგზურისთვის საკმარისი არ გამოდგა.
კონფერენს ლიგას დაემშვიდობა გიორგი ბერიძის "უიპეშტი", რომელმაც სტუმრად "ბაზელთან" 0:4, ორი მატჩის ჯამში კი 1:6 წააგო. უნგრული გუნდის განაცხადში ქართველი ნახევარმცველი არ იმყოფებოდა.
პლეი-ოფში გავიდა დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი", რომელმაც პლოვდივის "ლოკომოტივი" შინ 4:2 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 5:3 მოიგო. ქართველმა მცველმა ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.