მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ გერმანული გრანდი „დორტმუნდის“ ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერით დაინტერესებულია.
„ჰოლანდი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მთელ მსოფლიოში ალბათ ყველას სურს მისი შეძენა. რა თქმა უნდა, მას ვაკვირდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არა პროფესიონალები, არამედ უბრალოდ მოყვარულები ვიქნებოდით“, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელ ფორვარდს მიმდინარე ზაფხულს ყველაზე აქტიურად ლონდონის „ჩელსის“ უკავშირებდნენ, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი შეათანხმა, რაც მის ინგლისში გადაბარგებას ამ დროისთვის პრაქტიკულად გამორიცხავს. ჰოლანდმა მიმდინარე სეზონიც შესანიშნავად დაიწყო და გერმანიის თასის პირველ ეტაპზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.