ტრადიციულად, ოლიმპიადის მედლების ბოლო კომპლექტი, მამაკაცთა მარათონში გათამაშდა. გარბენი ქალაქ საპოროში ჩატარდა და ის კენიელმა ელიუდ კიპჩოგემ მოიგო. ლეგენდარული მორბენლისთვის ეს ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქროა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს ჰოლანდიელი აბდი ნგეეიე და ბელგიელი ბაშირ აბდი დაეუფლნენ.
ამგვარად, კიპჩოგე სულ მესამე მორბენალია, ვინც ოლიმპიური მარათონი ზედიზედ ორჯერ მოიგო. პირველმა ეს ეთიოპიელმა აბებე ბიკილამ 1960 და 1964 წლებში შეძლო, ამასთან, რომის 1960 წლის მარათონზე, ფეხშიშველმა ირბინა! მეორე კი გერმანელი ვალდემარ ჩიერპინსკია (1976 და 1980 წლები).
კიპჩოგე მარათონის მსოფლიო რეკორდსმენიცაა და მის ანგარიშზე უკვე ოთხი ოლიმპიური მედალია - ორი მარათონის გარდა, მას 5000 მეტრზე 2008 წელს ვერცხლი, 2004 წელს კი ბრინჯაო აქვს მოპოვებული.
„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ვფიქრობ, მარათონის მეორედ მოგებით, ჩემი მისია შევასრულე. ეს არის შთაგონების წყარო მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ფინიშის გადაკვეთის შემდეგ, გამარჯვება ორი თითის შემართვით აღნიშნა.
კიპჩოგემ 30 კილომეტრის შემდეგ, ტემპი გაზარდა და ყველა მდევარი ჩამოიტოვა. 35 კილომეტრის შემდეგ, უახლოეს მდევარს უკვე 27 წამს უგებდა. 40-კილომეტრიან ნიშნულზე კი მისი უპირატესობა უკვე წუთი და 17 წამი იყო. საბოლოოდ, მან ფინიშს ორ საატში, რვა წუთსა და 38 წამში მიაღწია.
ამგვარად, კენიელებმა ბოლო ოთხ მარათონზე, მამაკაცებს მესამე ოქრო მოიპოვეს. ქალებში კი მათ ანგარიშზე ზედიზედ ორი ოქროა. ამასთან, საპოროში ვერცხლის მედალსაც კენიელი მორბენალი დაეუფლა. აქ ჩემპიონი პერეს ჯეპჩირჩირი გახდა, მეორე ადგილზე კი ბრიგიდ კოსგეი გავიდა.