ფეხბურთი

15:03 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსას" ცრემლებით დაემშვიდობა: "წასვლა არ მინდოდა, ჩემი ცხოვრება მთლიანად იცვლება"
"შვილებს დავპირდი, რომ აქ დავბრუნდებით"

„ბარსელონამ“ უდიდესი ეპოქა დასრულებულია - ლიონელ მესიმ გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა და ბევრი იტირა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ემოციები ვერ შეიკავა და 21 წლის შემდეგ მისი ცხოვრება იცვლება.

მესი ჟოან ლაპორტაზე და „ბარსელონაზე“ გაბრაზებული არ არის, როგორც თავად თქვა, მათ ყველაფერი გააკეთეს კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო ლა ლიგის რეგულაციებიდან გამომდინარე. ლიონელმა ისიც თქვა, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდება და ამის პირობა შვილებს მისცა. თუმცა, მანამდე წინ იყურება და აღნიშნა, რომ კიდევ სურს ტიტულების მოგება და მაღალ დონეზე თამაში.

“ბოლო დღეებში ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. სიმართლე ისაა, რომ ამდენი წლის შემდეგ ძალიან რთულია წასვლა, როცა მთელი ცხოვრება აქ გავატარე. ამისთვის მზად არ ვარ. ეს არის ის, რასაც არ ველოდი. მრავალი წელი გავატარე ბარსელონაში, როგორც სპორტული, ისე პირადი ცხოვრება, ეს მშვენიერი იყო. ახლა ამ ყველაფერს უნდა დავემშვიდობო. 13 წლის ჩამოვედი და 21 წლის შემდეგ მივდივარ მეუღლესთან და სამ კატალონელ-არგენტინელ შვილთან ერთად და თან მიმაქვს ყველაფერი, რაც ამ ქალაქში განვიცადე. ჩემს შვილებს დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი, ასე რომ, ნახვამდის. ამ კლუბმა ბევრი რამ მომცა, გავიზარდე და გავხდი ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ. მადლობელი ვარ ხალხის სიყვარულის და არასდროს წარმომედგინა ასეთი დამშვიდობება, მინდოდა ეს მოედანზე გამეკეთებინა, გულშემატკივრებისგან ბოლო ოვაციები მიმეღო. ისინი მენატრებიან, ვისურვებდი, რომ გოლები ერთად გვეზეიმა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესო ყოფილი და უბრალოდ, მადლობა ყველას.

ძნელია მხოლოდ ერთ მომენტზე ისაუბრო, როცა ამდენი დადებითი და უარყოფითი განვიცადეთ. თუ ერთი უნდა გამოვყო, დებიუტს გამოვარჩევ, რადგან ოცნება ავიხდინე. ლაპორტამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა, მაგრამ არსებობს ლა ლიგის რეგულაციები. მინდოდა დარჩენა, ისევე, როგორც კლუბს სურდა ჩემი შენარჩუნება, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ.

16 წლის შემდეგ ყველაფერი იცვლება, ჩემი ცხოვრება ახლა მთლიანად შეიცვლება. უნდა დავიწყო ნულიდან, ისევე, როგორც ჩემმა ოჯახმა. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს უნდა მივიღო და წინ გავიხედოთ. პსჟ? შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ჩემი წასვლის განცხადება გამოქვეყნდა, ბევრმა კლუბმა დამირეკა. ვსაუბრობთ, მაგრამ დახურული არაფერია.

ძალიან მოწყენილი ვარ, რადგან ეს კლუბი მიყვარს. შარშან მინდოდა წასვლა, მაგრამ წელს არა და ამიტომ, მხედავთ ასე სევდიან განწყობაზე. „ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდია ძლიერი შემადგენლობით. როგორც ლაპორტამ თქვა, მთავარია კლუბი და ის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. ხალხი შეეგუება ჩემს არყოფნას. ძნელი იქნება, მაგრამ გუნდი დიდებულია და ყველაფერი კარგად იქნება. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ლა ლიგაში არსებობს წესები, რომელთა დაცვა კლუბმა გარკვეულ მომენტამდე შეძლო, მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. როდესაც გავიგე, რომ უნდა წავსულიყავი, ეს ცვიი შხაპი იყო, როდესაც სახლში დავბრუნდები, ისევ მოწყენილი ვიქნები, მაგრამ მთავარია გარშემო ოჯახი მყავდეს და ასევე მთავარია, რომ შემიძლია ფეხბურთის თამაშის გაგრძელება. მინდა, რომ მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელო, ამიტომაც, მივდივარ კლუბში, რომელსაც მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია.

პსჟ-ს ფეხბურთელებთან ფოტოები? დი მარიას და პარედესს იბიცაზე შევხვდი, შემდეგ ასევე ვნახე ნეიმარი, რომელიც ჩემი მეგობარია. ჩვენ მხოლოდ სურათი გადავიღეთ, მეტი არაფერი. ამ სურათმა ხმაური გამოიწვია, მაგრამ უცნაური არაფერია.

ჩემი თანაგუნდელების ისტორიებიდან ვიცი, რომ რაც უფრო დიდხანს თამაშობ, საქმე მითუფრო რთულდება. რამდენადაც შემეძლება, ვეცდები, ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო. კლუბის ვალი ძალიან დიდია, ასევე არსებობს ლა ლიგის წესები და ერთად საქმის კეთების გაგრეძელება შეუძლებელი იყო. მე უნდა ვიფიქრო მომავალზე და ამიერიდან ვიფიქრებ.

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება მეტჯერ შეგვეძლო. მაგალითად, როცა „ლივერპულთან“ და „ჩელსისთან“ დავმარცხდით. ეს არის ფეხბურთი, ბევრი ტიტული მოვიგეთ, ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმუმის გაკეთებას და მინდა ისევ ვცადო ჩემპიონთა ლიგის მოგება, რადგან მიმაჩნია, რომ შემეძლო მეტჯერ მომეგო. ვეცდები, დანი ალვეშს ტიტულების რაოდენობით მივუახლოვდე, რომელიც აბსოლუტური რეკორდსმენია.

თავს მოტყუებულად თუ ვგრძნობ? არა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეიძლებოდა და მეტის გაკეთება არ შეგვეძლო. ვიყავი ღია და როდესაც ვიღაც ბევრს არ საუბრობს, ეს სხვებს აძლევს ლაპარაკის საშუალებას. მთავარია სიმართლის თქმა და მე ეს გავაკეთე“, - თქვა მესიმ.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ბარსელონაში 778 მატჩი ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა. მან 10-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 7-ჯერ ესპანეთის თასი, ასევე 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამ-სამჯერ კი ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა. ლიონელ მესი ბარსელონაში 2000 წლიდან ირიცხებოდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2004 წელს ჰქონდა. მას სხვა კლუბში არასდროს უთამაშია. ამრიგად, არგენტინელმა კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. უცხოური გამოცემების ცნობით, მესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153269