ჭიდაობა

13:59 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელიზბარ ოდიკაძე უმედლოდ დარჩა, ქართველი მოჭიდავეებისთვის ოლიმპიადა დასრულდა

თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა ასპარეზობა დაასრულეს. 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძეს ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა და რეპეშაჟში იასპარეზა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან დამარცხდა და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

ოდიკაძე 5:3-ს იგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე ქულები გაუშვა და საბოლოოდ, 5:7 წააგო. აზერბაიჯანელი ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშების პირველ შეხვედრაში ოდიკაძე ირანდელ მოჰამადჰოსეინს მოჰამადიანს დაუპირისპირდა და 6:3 აჯობა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ელიზბარი შეხვედრის მიწურულამდე 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ მერე 6 ქულა აიღო და მოიგო. მეოთხედფინალში ელიზბარი წონის ლიდერს, რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მეტოქემ აშკარა უპირატესობით 10:0 მეორე პერიოდის დასაწყისში იმარჯვა.

საქართველოს თავისუფალ ჭიდაობაში 6 წონითი კატეგორიიდან მხოლოდ სამში ჰყავდა წარმომადგენელი და ერთი მედალი მოიპოვა - გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა და ოქრომდე 0.3 წამი დააკლდა. აქვე გეტყვით, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 4 ქართველი ფალავანი ასპარეზობდა და მაქსიმუმი ამ სახეობაშიც 1 ვერცხლის მედალი გამოდგა.

0.115025