ტოკიოს ოლიმპიადის მძლეოსნობის ტურნირზე, კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა - მამაკაცთა შორის 4x100 მეტრზე ესტაფეტაში, ამერიკის ოთხეულმა, რომელიც მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ფინალში გასვლაც კი ვერ შეძლო.
ამერიკელებს მორიგი ოქროს მედლები, ბირთვის კვრაში რაიან კროუსერმა და ჭოკით ხტომაში კეიტი ნაგოტმა მოუპოვეს. სამაგიეროდ, ამერიკელებმა კიდევ ერთ „თავიანთ“ დისტანციაზე, მამაკაცთა შორის 400 მეტრზე სპრინტში წააგეს, სადაც 2008 წლამდე ზედიზედ შვიდჯერ მოიპოვეს ოქროს მედლები და ორჯერ კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავეს. მაგრამ უკვე მესამე ოლიმპიადაა, მხოლოდ ერთი მედლის ამარა არიან.
კროუსერმა იოლად შეძლო რიოში მოპოვებული ტიტულის შენარჩუნება და ფინალში თავისი ოლიმპიური რეკორდი სამჯერ გააუმჯობესა. ის მესამე ათლეტია, ვინც ერთ ოლიმპიადაზე სამი რეკორდი დაამყარა.
„გამარჯვება ვადამდე გავინაღდე და მერე უფრო აგრესიული გავხდი, რამაც კარგი შედეგების საშუალება მომცა“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ასპარეზობა 23.30 მეტრზე ნასროლი ბირთვით დაასრულა და სულ 7 სანტიმეტრი დააკლდა მსოფლიო რეკორდამდე, რომელიც ასევე მას ეკუთვნის.
110 მეტრზე თარჯრბენშიც სენსაცია მოხდა - იამაიკელმა ჰანსლ პარშმენტმა ამერიკელი მსოფლიო ჩემპიონი გრანტ ჰოლოვეი დაამარცხა, ვისაც გასული წლის აგვისტოს შემდეგ, ერთი წაგებაც არ ჰქონდა. 31 წლის პარშმენტმა ფინიშს 13.04 წამში მიაღწია, რაც ამ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო დროა.
„შესანიშნავი განწყობა მაქვს, შესანიშნავი განწყობა მაქვს. ამისთვის თავდაუზოგავად ვშრომობდი. დაუჯერებელია, რომ მე ამ ბიჭის გასწრება შევძელი“, - განაცხადა პარშმენტმა, ვინც რიოში ბრინჯაო მოიპოვა.
მამაკაცთა შორის სამხტომში პორტუგალიელმა პედრო პიკარდომ გაიმარჯვა. ვერცხლის მედალი ჩინელმა იამინ ჟუმ მოიპოვა, ბრინჯაო კი ბურკინაფასოელ ფაბრის ზანგოს ერგო, ვინც თავის ქვეყანას პირველი ოლიმპიური მედალი მოაპოვებინა.
ბაჰამელმა სტივენ გარდინერმა 400 მეტრზე სპრინტში მოიპოვა ოქროს მედალი. ამგვარად, მან მსოფლიო ჩემპიონის წოდებას, ოლიმპიურის ტიტულიც დაუმატა. ამერიკელი მაიკლ ნორმანი, გარბენის მიწურულს ბაჰამელს წამოეწია, მაგრამ მალე დაიღალა და სამეულს მიღმა დარჩა. ვერცხლი კოლუმბიელმა ანტონიო ზამბრანომ მოიპოვა, ბრინჯაო კი გრენადელ კირანი ჯეიმსს ერგო.
ჭოკით ხტომაში ნაგოტმა გამოსვლა ცუდად დაიწყო - პირველი სიმაღლის (4.50 მეტრი) ასაღებად, სამივე ცდა დასჭირდა. მაგრამ შემდეგ ნერვები მოთოკა და 4.90 მეტრზე გადახტომით, ოქროს დაეუფლა. რუსი მსოფლიო ჩემპიონი ანჟელიკა სიდოროვა 4.85 მეტრზე გადახტომით, ვერცხლს დაეუფლა. იგივე სიმაღლე ბრიტანელმა ჰოლი ბრედშოუმაც დაძლია, მაგრამ მას ბრინჯაო ერგო. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა რიოს ბერძენი ჩემპიონი კატერინა სტეფანიდი.
მამაკაცთა ათჭიდი კანადელმა დამიან ვარნერმა მოიგო, ვინც 9018 ქულა დააგროვა და ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა. მსოფლიო რეკორდსმენი, ფრანგი კევინ მაიერი ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაო კი ავსტრალიელმა ეშლი მელონიმ აიღო.
ქალთა რვაჭიდში ჩემპიონი ბელგიელი ნაფი თიამი გახდა და რიოში მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. მან ორი ჰოლანდიელი, ანუკ ფეტერი და ემა ოოსტერვეგელი ჩამოიტოვა.
აუტანელი სიცხის გამო, სპორტული სიარულის და მარათონების შეჯიბრები ქალაქ საპოროში გადაიტანეს, სადაც შედარებით გრილა. დღეს მამაკაცტა შორის 20 კილომეტრზე სიარული ჩატარდა, რომელიც იტალიელმა მასიმო სტანომ მოიგო. ვერცხლს და ბრინჯაოს იაპონელები, კოკი იკედა და ტოშიკაზუ იამანიში დაეუფლნენ.