სხვა

1:30 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდების დღე მძლეოსნობაში

დღეს იამაიკელმა სპრინტერმა ელეინ თომპსონ-ერამ ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ნორვეგიელმა კარსტენ ვარჰოლმმა 400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა, ამერიკელმა მუ ათინგმა კი 800 მეტრზე სირბილში მოიპოვა ოქროს მედალი.

სიგრძეზე ხტომაში, ბოლო ცდაზე შესრულებული ნახტომით გაიმარჯვა გერმანელმა მალაიკა მიჰამბომ, ჭოკით მხტომელ შვედ მონდო დუპლანტისს კი საკუთარი მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებამდე ცოტა დააკლდა. უროს ტყორცნაში ზედიზედ მესამე ოქრო მოიპოვა პოლონელმა ანიტა ვლოდარჩიკმა.

თომპსონ-ერა უკვე ზედიზედ მეორე ოლიმპიადაა, რაც სპრინტში ოქროს მედლებს არავის უთმობს. 100 მეტრზე ტრიუმფის შემდეგ, მან 200 მეტრზეც გაიმარჯვა. მისი დრო, 21.53 წამი კი, ყველა დროის მეორე საუკეთესოა.

„საოცარია, რომ ზედიზედ მეორედ, ორი ოქრო მოვიპოვე. რთული კვირა მქონდა. ას მეტრზე გამარჯვების შემდეგ, პრაქტიკულად არ მიძინია. ძალიან დავიღალე. ჩემ ფეხებს დასვენება სჭირდება. ამ დღეებში ძალიან ბევრ გარბენში მივიღე მონაწილეობა“, - განაცხადა თომპსონ-ერამ.

ვერცხლის მედალს 18 წლის ნამიბიელი კრისტინ მბომა დაეუფლა, ვინც ბოლო 30 მეტრზე ტემპს საგრძნობლად უმატა, ოთხი მეტოქე ჩამოიტოვა და ფინიში მეორემ (21.81 წამი) გადაკვეთა. ბრინჯაოს მედალი ამერიკელმა გაბი თომასმა მოიპოვა, ვინც უკან ჩამოიტოვა იამაიკელი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი.

800 მეტრზე სირბილში დრამა გათამაშდა - რიოს სამივე მედალოსანი, ტესტოსტერონის ჭარბი შემცველობის გამო, შეჯიბრში ვერ გამოვიდა. ამან ორ 19 წლის მონაწილეს, პირველი ორი ადგილის დაკავების საშუალება მისცა. ათინგმა ლიდერობა მაშინ მოიპოვა, როცა ფინალური წრის ზარები შემოჰკრეს. მან ფინიში წუთსა და 55.21 წამში გადაკვეთა. ვერცხლის მედალს კი ბრიტანელი თინეიჯერი კილი ჰოჯკინსონი დაეუფლა.

400 მეტრზე თარჯრბენში, ყველა ვარჰოლმის გამრჯვებას და მსოფლიო რეკორდსაც ელოდა. და მან მოლოდინი სრულად გაამართლა - ფინიში 45.94 წამში გადაკვეთა და თავისი ძველი რეკორდი (46.70 წამი) გააუმჯობესა. მეორე ადგილი ამერიკელმა რეი ბენჯამინმა დაიკავა, ვინც ძველი რეკორდი თითქმის ნახევარი წამით გააუმჯობესა და როცა დაინახა, რომ მაინც მეორე იყო, თავისი გაოცება არ დაუმალავს.

რაც შეეხება დუპლანტისს, ის ამიერიდან ოლიმპიური ჩემპიონიცაა. ამერიკელი სემ კენდრიკსის არყოფნისას (კორონავირუსის გამო), დუპლანტისს გამარჯვება არ გასჭირვებია. მას ამისთვის 6.02 მეტრზე გადახტომაც ეყო. შემდეგ კი ორჯერ მსოფლიო რეკორდის დამყარება სცადა და თამასა 6.19 მეტრზე დაამაგრებინა. ორივე ცდაზე ის მიზანთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ თამასა ორჯერვე ჩამოვარდა.

მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში, გერმანელი მიჰამბო, ოქროს თავისი ბოლო ნახტომის წყალობით დაეუფლა. ბოლო ცდაზე ის 7.00 მეტრზე გადახტა და უკან ჩამოიტოვა ამერიკელი ბრიტნი რიიზი.

და ბოლოს, უროს ტყორცნაში მსოფლიო რეკორდსმენს პოლონეთიდან, ვლოდარჩიკს გამარჯვება არ გასჭირვებია. მან ურო 78.48 მეტრზე გაისროლა და გახდა პირველი ქალი ათლეტი, ვინც ზედიზედ მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155597