ჭიდაობა

13:25 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძე ფინალში ვერ გავიდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე (67 კგ) ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწევს.

ნახევარფინალში რამაზი ირანელ მოჰამადრეზა გერაეის დაუპირისპირდა, რომელთანაც პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ირანელმა უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა - 1:6. ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის 4 აგვისტოს იჭიდავებს, მისი მეტოქე კი ასევე ხვალ რეპეშაჟიდან გაირკვევა. დიდი ალბათობით, 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანკ შტაბლერი იქნება, რომელიც კოლუმბიელ ხულიან ჰორტას ხვდება და ცხადია აშკარა ფავორიტია.

ოლიმპიადაზე ზოიძემ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა 3:2 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში აშკარა უპირატესობით ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის აჯობა (10:0).

აქვე გეტყვით, რომ 97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია რეპეშაჟში დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა, ხოლო 87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე მერვედფინალში დამარცხდა და ვერც რეპეშაჟში გადავიდა, რადგან უზბეკი რუსტემ ასაკალოვი, რომელთანაც 5:6 წააგო, მეოთხედფინალში გავარდა. შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ გუშინ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც იაკობ ქაჯაიას (130 კგ) ანგარიშზეა. მთლიანობაში საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 6 მედალია.

0.186255