ჭიდაობა

8:02 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე (67 კგ) ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია! 25 წლის ფალავანი შესანიშნავად გამოიყურება და მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის აშკარა უპირატესობით აჯობა.

რამაზმა დასაწყისშივე, 27 წამში მოახერხა 6 ქულის მოპოვება და სერიოზული უპირატესობა მოიპოვა, მეორე პერიოდის სტარტზე კი მონაგარს კიდევ 4 ქულა შემატა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეხვედრა ვადაზე ადრე დასრულდა და ქართველმა აშკარა უპირატესობით 10:0 მოიგო, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, იქ კი მისი მეტოქე ირანელი მოჰამადრეზა გერაეი იქნება და შეხვედრა თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.

ოლიმპიადაზე ზოიძემ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა 3:2 დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ 97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია რეპეშაჟში დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა, ხოლო 87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე მერვედფინალში დამარცხდა და ვერც რეპეშაჟში გადავა, რადგან უზბეკი რუსტემ ასაკალოვი, რომელთანაც 5:6 წააგო, მეოთხედფინალში გავარდა. შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ გუშინ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც იაკობ ქაჯაიას (130 კგ) ანგარიშზეა. მთლიანობაში საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 6 მედალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117893