ჭიდაობა

18:20 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

იაკობ ქაჯაია: "ბოლომდე ვიბრძოლე და შედეგიც ცუდი არაა"

ქართველმა მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ, რომელმაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (130 კგ) ვერცხლის მედლი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა. 27 წლის სპორტსმენი ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია და თქვა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო მიხიან ლოპეს ნუნიესის მსგავს ლეგენდასთან ფინალში ჭიდაობა.

„ვეცადე, რომ საქართველოსთვის ოქროს მედალი, მაგრამ მიხიან ლოპესი ძლიერი სპორტსმენია და ნამდვილად იმსახურებს ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას. მოხარული ვარ, რომ ასეთ ლეგენდასთან მომიწია ფინალში ბრძოლა. მაქსიმალურად ვიბრძოლე და შედეგიც ცუდი არ არის. მე გავაგრძელებ პარიზის ოლიმპიადისთვის მომზადებას, ახლო მომავალში მსოფლიოს ჩემპიონატიც იქნება და ღმერთის წყალობით ჩემს ქვეყანას ოქროს მედალს მოვუტან“, - თქვა ქაჯაიამ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც, რომელმაც იაკობ ქაჯაიას ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცა:

„ვულოცავ იაკობ ქაჯაიას ვერცხლის მედალს, მან ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ეს უკვე ჩვენი მეექვსე მედალია, ხვალ კიდევ ჩაერთვება ჩვენი ორი სპორტსმენი, ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, იმედიანად ვართ, რომ მედლებს კიდევ ავიღებთ. მინდა ეს წარმატება მთელ საქართველოს მივულოცო და ყველა გულშემატკივარს, ვინც ოლიმპიადას უყურებს", - აღნიშნა ხაბელოვმა.

იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში ლოპეს ნუნიესთან 0:5 წააგო, მანამდე კი მერვედფინალში ფინელ ელიას კუოსმანენს შეხვდა და ძალიან იოლად, 3 წუთზე ნაკლებ დროში 9:0 დაჯაბნა, მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვთან 3:1 მოიგო, ხოლო ნახევარფინალში ბოლო ქულის უპირატესობით ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ იასმანი ფერნანდეს აკოსტას (1:1) აჯობა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ამ დროისთვის 6 მედალია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ქაჯაიამდე მედლები ძიუდოისტებმა მოიპოვეს: ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლი, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს ძალოსანი ანტონ პლესნოი დაეუფლა.

0.113353