სხვა

1:58 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

100 მეტრზე სპრინტში ოქრო იტალიისაა

მამაკაცთა შორის ას მეტრზე სპრინტს ახალი მეფე ჰყავს. მისი სახელია ლამონტ მარსელ ჯეკობსი და ის იტალიიდანაა. წარმოშობით ამერიკელია, ოღონდ იტალიის სახელით ასპარეზობს და ტოკიოს ოლიმპიადის ოქროსაც იტალიაში გაიყოლებს. სწორედ მან მოიგო უსაინ ბოლტის შემდგომი ეპოქის პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი.

ჯეკობსმა ფინიშს 9.80 წამში მიღწია, რაც ევროპის რეკორდია. მან 0.04 წამით აჯობა მეორეზე გასულ ამერიკელ ფრედ კერლის, მესამე ადგილი კი კანადელმა ანდრე დე გრასემ მოიპოვა, ვინც ბრინჯაოს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებს ას მეტრზე 2004 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ. ოლიმპიური ოქრო მათ ბოლოს ჯასტინ გეტლინმა ათენის ოლიმპიადაზე მოუპოვა.

ჯეკობსმა ნახევარფინალში 9.84 წამში გაირბინა და ევროპის რეკორდი გააუმჯობესა, რითაც ფინალისთვის კარგი განაცხადი გააკეთა. ის პირველი იტალიელია, ვინც ას მეტრზე ფინალში გასვლა შეძლო. საინტერესოა, რომ წლევანდლამდე ჯეკობსს ასი მეტრი ათ წამზე ნაკლებში გარბენილი არ ჰქონდა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - აქამდ ბოლო ევროპელი, ვისაც 100 მეტრზე ოქრო აქვს მოპოვებული, იყო ბრიტანელი ლინფორდ კრისტი, ვინც ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.

ჯეკობსმა კარგი სტარტი აიღო, მაგრამ შუა გზაზე, მორბენლებს შორის სხვაობა მინიმალური იყო. აქედან კერლიმ მოუმატა ტემპს და თითქოს, მალე უნდა დაწინაურებულიყო, მაგრამ ჯეკობსმა ბოლო ძალა მოიკრიბა და ხაზი პირველმა გადაკვეთა.

„ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ერთი კვირა, ან მეტი დამჭირდება, რათა გავაცნობიერო, რაც მოხდა. როცა ჯიმბოს (ტამბერის - სიმაღლეზე მხტომელის) გამარჯვება გავიგე, ამან ძალა მომცა. მე ოლიმპიური ოქრო ბოლტის შემდეგ მოვიგე და ეს დაუჯერებელია“, - განცხადა ჯეკობსმა, ვინც ამერიკაში დაიბადა, მაგრამ იტალიელმა დედამ იტალიაში ერთი თვისა წაიყვანა და მას შემდეგ, იქ ცხოვრობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116546