ტოკიოს ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის საკალათბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბოლო ტურის მატჩები C ჯგუფში გაიმართა, სადაც ესპანეთი და სლოვენია დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როცა სლოვენიელები უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ 95:87 იმარჯვა.
სლოვენიის ნაკრებში საუკეთესო ვლატკო ჩანჩარი იყო, რომელმაც 22 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო ესპანეთის ნაკრებში რიკი რუბიო 18 ქულით 3 მოხსნთ და 9 პასით გამოირჩა. ლუკა დონჩიჩი თავიდანვე ფოლებით დაიტვირთა, მაგრამ ორმაგი დუბლი მაინც შეასრულა და სამმაგ დუბლთანაც ახლოს იყო - 12 ქულა, 14 მოხსნა და 9 პასი.
სლოვენიას და ესპანეთს მეოთხედფინალის საგზური ამ მატჩამდეც მოპოვებული ჰქონდათ, მაგრამ დაფიქსირებული შედეგით სლოვენიას პირველი ადგილი ერგო, ხოლო ესპანეთს - მეორე. ამავე ჯგუფში არგენტინამ იაპონიას ადვილად, 97:77 აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა, რითაც მეოთხედფინალში გააღწია.
ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში საფრანგეთი, აშშ, ავსტრალია, იტალია, გერმანია, სლოვენია, ესპანეთი და არგენტინა ითამაშებენ. მეოთხედფინალური მატჩები 3 აგვისტოს გაიმართება. წილისყრის შედეგები ასეთია: სლოვენია - გერმანია, ესპანეთი - აშშ, საფრანგეთი - იტალია, ავსტრალია - არგენტინა.
ნახევარფინალში საფრანგეთსა და იტალიას შორის უძლიერესი სლოვენია-გერმანიის წყვილში გამარჯვებულს, ხოლო აშშ-ესპანეთის უმჯობესი ავსტრალია-არგენტინის წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.