საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ანტონ პლესნოის გამოსვლა შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრეინელმა სპორტსმენმა მაქსიმალური შედეგი ვერ დააფიქსირა, რაშიც ხელი მუხლის ტრავმამ შეუშალა, რომელიც აკვრის მეორე მცდელობის დროს მიიღო.
„ვულოცავ ანტონს, ასევე ჩვენს დელეგაციას, მწვრთნელთა კორპუსს და ექიმთა ჯგუფს, ვინაიდან ჩვენი გადაწყვეტილება ამ შეჯიბრზე იყო ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღეთ. გამომდინარე იქიდან, რომ პლესნოის აკვრის მოძრაობაში მუხლი დაუზიანდა, ძალიან სწრაფი გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით. გიორგის (ჭინჭარაული - რედ) შემოთავაზებული პროცედურით სწრაფადვე ვეცადეთ ადგილზე მოგვეხდინა ტრავმის ლოკალიზება, რამაც გაამართლა და მადლობა ყველას, განსაკუთრებით კი გიორგის და ზურა კახაბრიშვილს. ასევე მადლობა იმ ბიჭებს, ვინც პლესნოის უგულშემატკივრა. ეს არ იყო მისი მაქსიმალური შედეგი და ვეცდებით, შემდეგ ოლიმპიადაზე გამოვასწოროთ“, - განაცხადა ასანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულმა პლესნოიმ თავის მაქსიმალური გააკეთა. მან ატაცში 173 და 177 კილოგრამები, ხოლო აკვრაში 206 და 210 კილოგრამები დააფიქსირა. ორჭიდში 387 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ბრინჯაოს მედლისთვის საკმარისი გამოდგა და საქართველოს დელეგაციას მე-5 ოლიმპიური მედალი მოუტანა.