30 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს გურამ თუშიშვილის გამოსვლა. რადგან რთულია ტედი რინერის წონაში წინასწარ ჩემპიონობა, ანაც ფინალში გასვლა დაგეგმო. თუმცა, დღეს ყველაფერი კარგად დაიწყო. რინერი მეოთხედფინალში დამარცხდა, თუშიშვილმა კი საოცარი ბრძოლები შემოგვთავაზა და ფინალამდე მიაღწია. სამწუხაროდ გადამწყვეტ შეხვედრაში გურამმა მარცხი განიცადა და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. მაგრამ, სადებიუტო გამოსვლისთვის ეს ძალიან კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.
ზაფხულის თამაშებზე ძიუდოისტებმა ასპარეზობა დაასრულეს და საქართველომ 4 მედალი მოიპოვა რაც ჩვენი ქვეყნისთვის ოლიმპიადაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
25-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა ნინო სალუქვაძემ. ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა სწრაფ სროლებში სამ სერიაში 287 ქულა დააგროვა, ეს შედეგი კი ფინალში გასასვლელად არ ეყო. უნდა ვთქვათ ისიც, რომ სალუქვაძემ მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.
არ გაუმართლა ესკერხან მადიევს. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივე სამ რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების საერთო გადაწყვეტილებით, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ ანდრეი ზამკოვოისთან დამარცხდა.
ბირთვის კვრაში კი სოფო შათირიშვილმა ცუდი შედეგი აჩვენა. მან მხოლოდ ერთ სპორტსმენს გაუსწრო, რომელმაც მონაწილეობა ვერ მიიღო და ავტომატურად ყველაზე დაბალი შეფასება დაეწერა.
ხვალ შედარებვით მარტივი დღეა, რადგან ქართველთაგან მხოლოდ 2 სპორტსმენი გამოდის. მძლეოსნობაში - სიგრძეზე ხტომაში საკუთარ ძალებს ბაჩანა ხორავა მოსინჯავს, რომელიც 14:10 საათიდან დაიწყება და 15:05-მდე გაგრძელდება. ფინალში გასვლის შემთხვევაშიი, ჩვენებურს ასპარეზობა 2 აგვისტოს მოუწევს.
ხვალ 14:50-დან გამოდის ძალოსანი ანტონ პლესნოი. ბევრი ფიქრობს, რომ მისგან ოქროს მედალს უნდა ველოდოთ. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელს 395 კილოგრამი აქვს შეკვეთილი, რაც ყველაზე დიდი წონაა. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ბოლოს ბათუმში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. რაც გვაფიქრებინებს, რომ მას უფრო დიდ მიზნებისთვის ბრძოლაც შეუძლია.