საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ძიუდოისტების გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ძალიან დადებითი შედეგი იყო.
„ძალიან გახარებულები ვართ ამ შედეგით, რასაც მივაღწიეთ. ვგულისხმობ ლაშა ბექაურის ჩემპიონობას და სამ ვერცხლის მედალს. კიდევ ის არის, რომ იმ ძიუდოისტებმაც, რომლებმიც მედლის გარეშე დარჩნენ, ჩათვლა გააკეთეს, ორი მეხუთე ადგილი და ერთი მეშვიდე ადგილი გვაქვს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ძალიან დადებითად შევაფასო შედეგი და ამაყი ვარ, რომ ასეთი გუნდის სათავეში მომიწია დგომა. ყველას ვულოცავ, თითოეულ მათგანს, ეს ყველას საერთო გამარჯვებაა. თუ ეს შედეგი შეიძლება წარმატებაში მეც ჩამეთვალოს, მინდა, დავით ქევხიშვილს მივუძღვნა, რადგან ყველაფერი, რასაც ლაშა გუჯეჯიანმა მიაღწია, მისი დამსახურებაა და ამისთვის დიდი მადლობა“, - თქვა გუჯეჯიანმა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოში საქართველოს 7 წონით კატეგორიაში 6 ნახევარფინალისტი და ოთხი ფინალისტი ჰყავდა, რაც თავისთავად დიდებული შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა, ხოლო ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, შედეგი უფრო შთამბეჭდავია.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დროისთვის 4 მედალია - ლაშა ბექაურმა ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 4 მედალი ოლიმპიადაზე ძიუდოსთვის სარეკორდი მაჩვენებელია, აქამდე საუკეთესო შედეგი 2 მედალი იყო.