ფეხბურთი

18:20 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავა: "ხვიჩამ რუსეთი მალე უნდა დატოვოს"
"აცრას არ გავიკეთებ, უფასოა და კარგი ვერ იქნება"

ტულის „არსენალის“ ყოფილმა მცველმა გია გრიგავალამ რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა. მათ შორის, საკუთარ თავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, სოლომონ კვირკველიასა და ვაქცინაციაზე.

გრიგალავამ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთი, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს, აცრის გაკეთებას კი არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ უფასო, რაც არის, კარგი ვერ იქნება.

„არ ვიცი რატომ მოხდა, რომ კონტრაქტი არ გამიხანგრძლივეს. ეს მენეჯმენტს უნდა ჰკითხოთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდში დავრჩებოდი, ამის წინაპირობები და საუბრები იყო. ჩემთვის მოულოდნელია, რომ ეს მოხდა. მენეჯმენტთან საუბარი მქონდა და მითხრეს, რომ კონტრაქტი გახანგრძლივოდებოდა, სეზონი დასრულდა, შვებულებაში წავედი და არავინ დამიკავშირდა. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება, არაფერი მიკვირს. განაწყენებული არ ვარ, მშვიდად ვარ, დანარჩენი მათ სინდისზე იყოს.

საქართველო სუსტი ნაკრებია? მისმინე, არ ვიტყოდი, რომ საქართველო სუსტია, ბოლო წლებში საქართველოში ფეხბურთი განვითარდა და იმპულსს იძენს. ეს ეხება, როგორც ეროვნულ ნაკრებს, ასევე ბავშვთა ფეხბურთს.

რას ვურჩევდი ხვიჩას? ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩემთვის რჩევა არ უკითხავს, რომ მკითხოს, ჩემს აზრს ვეტყვი - სჯობს ახლავე წავიდეს. რაც ადრე წავა, მით უკეთესი, რადგან სრულიად მზად არის ევროპისთვის.

კვირკველია? სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი დაემართა. არ მესმის, რატომ განიცადა მისმა კარიერამ ასეთი რეგრესი. თუმცა, მჯერა, რომ ახალ კლუბში თავის თავს იპოვის. ასჯერ უარესი ფეხბურთელები პოულობენ გუნდს და სოლომონი რატომ ვერ იპოვის?

ვაქცინაცია? მე არ ვარ აცრილი, ზოგადად, ვაქცინის დაძალება არასწორია და კარგი არ არის. არჩევანის უფლება ყოველთვის უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით ასეთ საკითხებში. მე არ ვაპირებ აცრას, ჯერ ერთი საჭირო არ არის, ცოტა ხნის წინ მქონდა მსუბუქი დაავადება და ანტისხეულები მაქვს, მერეც, არის შემთხვევები, როდესაც ვაქცინაციის შემდეგ ადამიანების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. არ ვიცი რა რეაქცია ექნება ჩემს სხეულს ვაქცინის შემდეგ, ასე რომ, არ გავიკეთებ. ვაქცინა უფასოა, როგორ შეიძლება კარგი რამ უფასო იყოს?

ჩემი კარიერა? ახლა მოსკოვში ვარ, „ტორპედოში“ ვვარჯიშობ და ფორმას ვინარჩუნებ. მენეჯმენტს ვთხოვე და დამთანხმდნენ, მაგრამ შეთანხმება არ გვაქვს. არ ვიცი, რა მოხდება შემდეგ. მინდა, ისევ პრემიერლიგაში ვითამაშო, მალე ყველაფერი გაირკვევა“, - თქვა გრიგალავამ.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელი ტულის „არსენალში“ 2017 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე „ეთნიკოსის“, „პაფოსის“, „ანჟის“, „კრილია სოვეტოვის“. „ვოლგას“, „ნიჟნი ნოვგოროდის“, „როსტოვის“, „მოსკვას“ და „როსტოვის“ ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრებში კი 23 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.120484