ფეხბურთი

15:52 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაფას გასაღები

მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ბრაზილიის ნაკრები, წარმატებით ასპარეზობს ტოკიო 2020-ზე. ანდრე ჟარდინის გუნდმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 31 ივლისს, ქალაქ საიტამაში, მეოთხედფინალში ეგვიპტის ოლიმპიურ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური „ევერტონის“ 24 წლის შემტევმა, რიშარლისონმა, რომელმაც სამ მატჩში 5 ბურთი გაიტანა და ჯერჯერობით ტურნირის მეგოლეთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

მაგრამ, რიშარლისონი ტოკიოში შეიძლება საერთოდ ვერ მოხვედრილიყო. საქმე ის არის, რომ მან ახლახან დამთავრებულ კოპა ამერიკაზეც ითამაშა ბრაზილიის პირველ ნაკრებში. ბრაზილიელები იქ ფინალში გავიდნენ და მესის არგენტინასთან დამარცხდნენ (0:1).

„ევერტონის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მისი კიდევ ერთ ტურნირზე გამგზავრება უკვე ზედმეტი იქნებოდა და წინასასეზონო სამზადიზში შეუშლიდა ხელს. აქ გამოჩნდა ევერტონელთა ახალი დამრიგებელი, რაფაელ ბენიტესი. მან უფროსობას სთხოვა ბრაზილიელი ტოკიოში გაეშვათ და დაიყოლია ისინი.

„ყოველდღე ვეკამათებოდი კლუბის დირექტორს. ვარწმუნებდი, რომ ოლიმპიადაზე გამგზავრება აუცილებელი იყო ჩემთვის, ახალი გამოცდილებისთვის. არაფრით მთანხმდებოდა. მაშინ ახალ მწვრთნელს (ბენიტესს) დავურეკე და ყველაფერი მალევე მოაგვარა.“ - ამბობს რიშარლისონი.

ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირის პირველივე ტურში ჰეთ თრიქი შეასრულა გერმანელების წინააღმდეგ (4:2). ოთხშაბათს კი საუდის არაბეთთან მონაგარს კიდევ ორი გოლი დაუმატა. აშკარად კარგ ტალღაზეა.

არადა, გასულ სეზონში, როცა მერსისაიდელებს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა, ერთგვარ ჩრდილში მოექცა. მთავარმეგოლე კი დომინიკ კალვერტ-ლიუინი გახდა. მან 39 მატჩში 21 ბურთი გაიტანა. ბრაზილიელმა კი პრემიერლიგის 34 შეხვედრაში მხოლოდ შვიდჯერ გამოიჩინა თავი.

„ევერტონმა“ ინგლისის ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა. ანჩელოტი ზაფხულში მადრიდის „რეალში“ წავიდა.

„ევერტონში“ კი ლეგენდარული ბენიტესი მივიდა და მაშინვე ადგილობრივი ფანების რისხვის ობიექტად გადაიქცა. საპროტესტო აქციებიც კი მოუწყვეს. ხუმრობა ხომ არ არის - რაფა ქალაქის წითელი ნაწილის გმირია. სტამბოლის სასწაულის შემოქმედია, როცა „ლივერპულმა“ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოუგო.

ის „ლივერპულის“ კაცია, „ლივერპული“ კი „ევერტონის“ დაუძინებელი მტერი.

61 წლის ესპანელმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ ასეთი რთული ვითარებიდან გამოსავალი სეზონის მძლავრად, გამარჯვებებით დაწყებაა. აქ კი რიშარლისომა „ვალი“ უნდა დაუბრუნოს.

„ველაპარაკე და მივხვდი, რომ ბედნიერია ტოკიოში. იცის, რაღაც სიკეთით უნდა დაგვიბრუნოს სეზონის განმავლობაში. მე ხომ დავეხმარე. თუ ის წარმატებული დაბრუნდა, დიდ სტიმულს მისცემს მთელ გუნდს.“ - უთხრა ბენიტესმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

მართალია, სასწაული უნდა მოხდეს, ევერტონელებმა ბენიტესი რომ მიიღონ და სწორედ ამ სასწაულის გასაღებად აღიქვამს რიშალისონს რაფა.

0.118822