ძიუდო

13:12 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა ძიუდოისტმა 100 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში წააგო და ფინალს მიღმა დარჩა.

ვარლამის მეტოქე იაპონელი აარონ ვოლფი იყო, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში განიცადა მარცხი. ვოლფმა შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ვაზარი მოიპოვა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა, ქართველმა კი ოქროს მედლის შანსი დაკარგა. ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის რუს ნიაზ ილიასოვს დაუპირისპირდება.

ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი ორი მოპოვებული ვაზარის შემდეგ იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე 3 მედალი უკვე მოიპოვა. 66 და 73 კგ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლნენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქრო დაისაკუთრა. სწორედ ეს სამი მედალია საქართველოს დელეგაციის ყულაბაში.

0.116042