სხვა

22:48 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრიმოჟ როგლიჩი დროზე რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

პრიმოჟ როგლიჩი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ტურ დე ფრანსზე წარუმატებლობის შემდეგ, სლოვენიელმა მრბოლმა, ტოკიოში დროზე ინდვიდუალური რბოლა მოიგო და სანუკვარ ტიტულს დაეუფლა. ამით მან თავის ქვეყანას, ველოსპორტში პირველი ოლიმპიური ოქრო შესძინა.

31 წლის მრბოლმა, ვისი საერთაშორისო სპორტული კარიერაც, ტრამპლინიდან ხტომებით დაიწყო, 44.1-კილომეტრიანი დისტანცია 55 წუთსა და 04 წამში გაიარა. გამარჯვებულს წუთზე მეტით ჩამორჩა ჰოლანდიელი ტომ დუმულენი, რომელმაც ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

„აქ ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, არც კი ვიცოდი, თუ ამ რბოლაში მონაწილეობას მივიღებდი. მაგრამ ვფიქრობდი, რომ თუ გამოვიდოდი, რაღაც მოხდებოდა. ჩემი დღევანდელი გამოსვლით ვამაყობ და ბედნიერი ვარ. ეს სეზონი ჩემთვის საუკეთესო არ იყო, მაგრამ ეს რბოლა გამონაკლისია“, - განაცხადა როგლიჩმა, ვინც წლევანდელ ტურ დე ფრანსს, რამდენიმე დაცემის შემდეგ გამოეთიშა.

დუმულენისთვის ეს სეზონი გაურკვევლობით დაიწყო. ის სპორტიდან წასვლაზეც ფიქრობდა და წლის დასაწყისიდან მაისამდე, რბოლებში მონაწილეობაც არ მიუღია. მაგრამ ველოსპორტის სიყვარულმა თავისი გაიტანა და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაისახა მიზნად. აღსანიშნავია, რომ ის და როგლიჩი „ჯუმბო-ვისმაში“ თანაგუნდელები არიან.

მესამე ადგილს დასჯერდა დროზე რბოლაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ავსტრალიელი როჰან დენისი, ვინც დუმულენს ორი წამით ჩამორჩა. მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა რბოლის მთავარი ფავორიტი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი ფილიპო განა. ის პირველი 9 კილომეტრის შემდეგ, როგლიჩს 59 წამს უგებდა. მაგრამ თითქმის კილომეტრის სიგრძის მქონე აღმართში დაიღალა და ტემპიც თანდათან დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111882