საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 27ივლისი მედლის გარეშე დაასრულა. დღეს ორმა სპორტსმენმა იასპარეზა, რომელთაგანაც ტატო გრიგალაშვილმა ჯერ მეოთხედფინალური შეხვედრა დათმო, რომლის შემდგომაც დამამშვიდებელ წრეში გადაერთო და იმარჯვა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი ბელგიელ მატიას კასესთან წააგო.
ტატოსგან განსხვავებით მეოთხედფინალში გავიდა საქართველოს სახელით მოასპარეზე ესკერხან მადიევი. 23 წლის მოკრივემ მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და იქ გამარჯვების შემთხვევაში, უკვე მედალს მოიპოვებს.
სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში არცერთი მედალია და ქართველების მონაგარი კვლავ 2 ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდაუაშვილმა მოიპოვეს.
28 ივლისსაც, დღევანდელის მსგავსად 2 ქართველი სპორტსმენი გამოვა. პირველი საქმეში ძიუდოისტი ლაშა ბექაური ჩაერთვება, რომელიც მედლის მოპოვებას აუცილებლად ეცდება.
ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე - მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ტურნირზე ტრავმა მიიღო, თუმცა მან მისი მორჩენა მოასწრო და საკუთარ ძალებს ზაფხულის თამაშებზე მოსინჯავს, რომელიც მისთვის სადებიუტოა.
ახალგაზრდა სპორტსმენს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ლაშა პირველი წრიდან თავისუფალია, მეორე წრეში კი მისი მეტოქე პოლონელი პიოტრ კუჩერაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი. თუ ორივე მათგანი ნახევარფინალში გასვლას მოახერხებს, ისინი სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ხვალინდელი სპორტული დღე ტოკიოში 06:00 საათიდან იწყება, თუმცა იმის გამო რომ ბექაური მეორე წრიდან იწყებს, მისი ხილვა ბუდოკანში 07:00 საათიდან შეგვეძლება.
ხვალ ასევე ვიხილავთ ნიკოლოზ ბასილაშვილს. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ტოკიოს ოლიმპიადაზე უკვე 2 შეხვედრა მოიგო, ხვალ კი მე-3 წრეში გერმანელ ალექსანდერ ზვერევს ხვდება და მეოთხედფინალში გასვლას ეცდება. ქართველი ჩოგბურთელისა და მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანს შორის დაპირისირება არიაკეს ნომერ პირველ კორტზე, თბილისის დროით 08:55 საათზე დაიწყება.