ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედლამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს.
მადიევი მერვედფინალში უგანდელ შადირი ბვოგის დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი რაუნდი ქართველმა მოიგო, მეორე უგანდელმა, ხოლო გადამწყვეტ რაუნდში გამარჯვება მადიევს მიანიჭეს. ამრიგად, ის მეოთხედფინალშია, სადაც ქართველი მოკრივე რუს ანდრეი ზამკოვოის 30 ივლისს, თბილისის დროით 13:50 საათზე დაუპირისპირდება.
ესკერხანი ნახევარფინალში გასვლას თუ მოახერხებს, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ავტომატურად გაინაღდებს, რადგან კრივის ნახევარფინალში დამარცხებულები ბრინჯაოს მედლით ჯილდოვდებიან.
შეგახსენებთ, მადიევმა 1/16 ფინალში აზერბაიჯანელი ლორენცო სოტომაიორი დაამარცხა.