საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა 26 ივლისის საშეჯიბრო დღე შეაჯამა. მან ლაშა შავდათუაშვილს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს მიულოცა.
როგორც მან აღნიშნა, ვერცხლის მედალი წარმატებაა, მაგრამ ოქროს მედლებიც საჭიროა და ამ შედეგთან საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა.
„პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველა გულშემატკივარს ეს წარმატება. ნამდვილად, ეს ორი ვერცხლი დიდი წარმატებაა, არ დაგვავიწყდეს, რომ ეთერ ლიპარტელიანმა მეხუთე ადგილი დაიკავა და მინდა მას ეს გამარჯვება მივულოცო. გამარჯვებად ითვლება, რამეთუ მეხუთე ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მიღწევაა და ჩვენი ქალთა ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი.
ლაშა შავდათუაშვილსაც ვულოცავ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა. მას სამივე ოლიმპიური მედალი აქვს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. ლაშამ მთელი ეპოქა შექმნა და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, რადგან ძალიან ახლოს ვართ, ვერცხლები გვაქვს და აუცილებლად გვჭირდება ოქრო და ძიუდოშიც ველოდებით ოქროს. ასევე ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც მე-13 ნომრად განთესილ იტალიელს მოუგო. ჩვენი სპორტსმენები მზად არიან, რომ იბრძოლონ, შედეგები აჩვენონ და გაახარონ ჩვენი გულშემატკივარი“, - თქვა ხაბელოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). 27 ივლისს, ტოკიოში ორი ქართველი იასპარეზებს - ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და მოკრივე ესკერხან მადიევი (მერვედფინალში).