ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საფეხბურთო ტურნირიც გრძელდება, რომელშიც ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
A ჯგუფი
საფრანგეთის ნაკრებმა პირველ ტურში მექსიკასთან 1:4 წააგო და ახლა უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. „მამლები“ სამხრეთ აფრიკას დაუპისპირდნენ და სრულ ფიასკომდე 4 წუთი აშორებდათ. აფრიკელები 1:0-ს, 2:1-ს და მერე 3:2-ს იგებდნენ, მაგრამ საფრანგეთმა მობილიზებმა ბოლო 4 წუთში მოახერხა თამაში შემოაბრუნა და 4:3 მოიგო, რის შედეგადაც ჯგუფში ჩარჩენას გადაურჩა, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ-ანდრე ჟინიაკი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ამავე ჯგუფში იაპონიის ნაკრებმა მექსიკას 2:1 აჯობა და მასპინძლები ახლოს არიან პლეი-ოფთან, რადგან 6 ქულა აქვთ. ბოლო ტურში აზიელები საფრანგეთს შეხვდებიან, ხოლო მექსიკა სამხრეთ აფრიკას, რომელსაც 0 ქულა აქვს.
საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა 4:3
იაპონია - მექსიკა 2:1
B ჯგუფი
აქ ორი ტურის თავზე საინტერესო მდგომარეობაა: 4 გუნდი და ყველას 3-3 ქულა. რუმინეთის ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან 0:4 წააგო, ხოლო ჰონდურასმა ახალ ზელანდიას მძიმე ბრძოლაში 3:2 აჯობა. ყველას 3 ქულა აქვს და არაფერია გარკვეული, ბოლო ტური გაარკვევს, როდესაც კორეელები ჰონდურასს, რუმინეთი და ახალ ზელანდიას შეხვდება.
ახალი ზელანდია - ჰონდურასი 2:3
რუმინეთი - სამხრეთ კორეა 0:4
C ჯგუფი
C ჯგუფში ორი ფავორიტია, მაგრამ ორივეს მძიმე სტარტი აქვს და დიდი შანსია ერთ-ერთი ჯგუფში ჩარჩეს. არგენტინამ ავსტრალიასთან წაგების მერე ვაი-ვაგლახით მოუგო ეგვიპტეს, ხოლო კიდევ უფრო გაუჭირდა ესპანეთს, რომელსაც მიკელ ოიარზაბალის ერთადერთი გოლის გასატანად 81 წუთი დასჭირდა. ესპანელებმა პირველ ტურში ეგვიპტესთან ითამაშეს უგოლოდ და 4 ქულით ლიდერობენ ჯგუფს, მაგრა ბოლო ტურში არგენტინას ხვდება, რომელსაც მხოლოდ 3 ქულა აქვს. უკეთეს სიტუაციაშია ასევე 3-ქულიანი ავსტრალია, რომელიც ეგვიპტეს ხვდება და თუ მოიგებს, ჯგუფიდან გავა. მეორეს მხრივ, უმოტივაციოდ არც ეგვიპტეა და ერთი სიტყვით 28 ივლისს საინტერესო ტური გველოდება.
ეგვიპტე - არგენტინა 0:1
ავსტრალია - ესპანეთი 0:1
D ჯგუფი
D ჯგუფში ბრაზილიამ კოტ დივუარს ვერ მოუგო (0:0), მაგრამ მაინც პრაქტიკულად პლეი-ოფშია, რადგან 4 ქულა აქვს და წინ აუტსაიდერ საუდის არაბეთთან მატჩი ელოდება. კოტ დივუარმა კი ასევე 4 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ გარანტირებული არაფერი აქვს, რადგან წინ გერმანიასთან მატჩი აქვს, რომელმაც თავის მხრივ, ბრაზილიასთან წაგების მერე საუდის არაბეთს 3:2 აჯობა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბრაზილია - კოტ დივუარი 0:0
საუდის არაბეთი - გერმანია 2:3