სხვა

13:53 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი დიქტორი ოლიმპიურ თამაშებზე

ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირს ქართველი დიქტორი ჰყავს - გიორგი ჭანიშვილი, რომელიც 2015 წლიდან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალური დიქტორია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიწვევით ჭანიშვილი გახდა პირველი ქართველი დიქტორი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს უძღვება.



საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში დღესაც მუშაობენ ქართველი სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით - მსაჯები, დელეგატები, მენეჯერები, თუმცა საერთაშორისო დონეზე სპორტული დიქტორი აქამდე არ გვყოლია, მით უფრო როდესაც საუბარია ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენაზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს.

გიორგი ჭანიშვილი 2015 წლიდან დიქტორი იყო არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმზე, მათ შორის წაიყვანა ძიუდოს 5 მსოფლიოს ჩემპიონატი, ძიუდოს მსოფლიო ტურნეს 30-ზე მეტი ტურნირი - მასტერსი, გრან სლემი, გრან პრი, კონტინენტური ჩემპიონატები, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ბუენოს აირესი 2018 და ბევრი სხვა.

გიორგი ჭანიშვილი (ოლიმპიადის დიქტორი): „ოლიმპიური თამაშების დიქტორობა ძალიან დიდი პატივი და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხვდები რომ ოლიმპიადაზე მარტო საკუთარ თავს არ წარმოადგენ. შენს უკან დგას შენი ქვეყანა და ცხადია, ეს ფაქტორი მოტივაციას კიდევ უფრო მმატებს რომ ჩემი საქმე მაღალ დონეზე ვაკეთო. ოლიმპიადამდე ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად მოვედი და დაახლოებით ის გზა გავიარე, რომელსაც სპორტსმენი გადის პროფესიულ კარიერაში. დიქტორობა შედარებით მოკრძალებული ტურნირების წაყვანით დავიწყე, გამოცდილება შევიძინე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა ნდობა მოვიპოვე და მალევე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების წაყვანაც მომიხდა. ასე მოვედი ოლიმპიადამდე, რაც საბოლოო ჯამში დიდი შრომის შედეგია. რა თქმა უნდა, ეს წარმატება მარტო მე არ მეკუთვნის. ოლიმპიადამდე საკმაოდ რთული ეტაპები გავიარე და ამ პროცესში უდიდესი როლი ითამაშეს ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, რომელთა მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობდი, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულო წევრს წარმატებას ვუსურვებ“.

0.114392