ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მატჩის მოგების კომენტარი გააკეთა. როგორც 29 წლის ჩოგბურთელმა აღნიშნა, კარგ ფორმაშია და იმედოვნებს, რომ ტოკიოში კარგად იასპარეზებს.
„პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ საქართველოს წარმოვადგენ ოლიმპიადაზე, რომელიც ჩემთვის მეორეა. ჩემს გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ერთ-ერთი რთული კონდიციებია, სადაც აქამდე მითამაშია. ძალიან მაღალი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურაა. კარგი მეტოქე მყავდა გუშინ, ახლა იტალიელს ვხვდები, რომელთანაც ერთხელ მაქვს ნათამაშები და წავაგე, ამიტომ, ძალიან საინტერესო თამაში იქნება. კარგ ფორმაში ვარ და მზად ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ოლიმპიადას კარგად ჩავატარებ“ - თქვა ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის 1/16 ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში იაპონელი ტარო დანიელი 4:6, 7:6, 7:6 დაამარცხა და ამისთვის ორ ტაიბრეიკთან ერთად 3 საათი და 10 წუთი დასჭირდა. სონეგო რეიტინგის 26-ე ნომერია. ქართველ ჩოგბურთელს სონეგოსთან ერთხელ უთამაშია, 2020 წლის 14 სექტემბერს, რომის ტურნირზე და იტალიელმა იოლად, 6:3, 6:1 იმარჯვა. ოლიმპიადის 1/16-ფინალური შეხვედრა კი 26 ივლისს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზე დაიწყება.